PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს რეზიდენტების მიერ გასულ წელს რუსეთში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 49%-ით არის გაზრდილი.
2022 წელს საქართველოს რეზიდენტების მიერ გასვლითი ვიზიტების რაოდენობა წლიურად სამჯერ გაიზარდა და 1.7 მილიონ მიაღწია. საერთო ჯამში, გასულ წელს ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის 71.3%-ს მიაღწია.
საქართველოდან გამსვლელი ვიზიტორების მთავარი დანიშნულების ქვეყნების სტრუქტურა პანდემიამდელის მსგავსი აღმოჩნდა, აზერბაიჯანის გამოკლებით. აზერბაიჯანში ვიზიტებმა გასვლითი ვიზიტების მხოლოდ 1% შეადგინა, რაც გაცილებით დაბალია 2019 წლის მაჩვენებელზე (23%). ამის მიზეზი აზერბაიჯანის მიერ სახმელეთო საზღვარზე შენარჩუნებული მკაცრი რეგულაციებია. კერძოდ, ქვეყანას საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი ამ დრომდე ჩაკეტილი აქვს. 2022 წელს გამსვლელი ვიზიტორების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დანიშნულების ადგილად თურქეთი (54%) აირჩია, რასაც მოსდევდა რუსეთი (14%), ევროკავშირი (11%) და სომხეთი (7%). თურქეთში გასვლითმა ვიზიტებმა შეადგინა 2019 წლის საერთო რაოდენობის 89%.
2022 წელს ვიზიტის ძირითადი მიზნების მიხედვით გასვლითი ვიზიტების განაწილებამ 2019 წელთან შედარებით გარკვეული განსხვავებები აჩვენა. 2022 წელს მეგობრებისა და ნათესავების მონახულების წილი მთლიან ვიზიტებში შემცირდა 14 პროცენტული პუნქტით, რაც ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვით. ამავდროულად, საყიდლების წილი გაიზარდა 12 პროცენტული პუნქტით და 2022 წელს ვიზიტების განხორციელების ყველაზე ხშირი ძირითადი მიზანი გახდა. გამსვლელი ვიზიტორების ხარჯებმა 2022 წელს 1.8 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2019 წელთან შედარებით მხოლოდ 12%-ითაა ნაკლები.
2022 წელს ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 6.1 ღამეს უდრიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 2.2 ღამით მეტია. 2022 წელს ვიზიტორთა ხარჯების განაწილება 2019 წლის მსგავსია, საყიდლების წილის მნიშვნელოვანი ზრდისა (მთლიანი დანახარჯების 42%) და რეკრეაციისა და განთავსების წილის შემცირების გამოკლებით. 2019 წელს მთლიან ხარჯებში საყიდლების წილი 31%-ს შეადგენდა.