მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანდემიას თუ არ ჩავთვლით, დეკემბერში ტურისტული შემოსავლები 1995 წლის შემდეგ პირველად შემცირდა" - ექსპერტი

ტურიზმი

ტურიზმის ექსპერტი, ვანო ვაშაყმაძე აცხადებს, რომ 2024 წლის დეკემბრის თვე ტურიზმიდან მიღებული შემოსვლების წლიური შემცირების პირველი შემთხვევაა 1995 წლიდან დღემდე, თუ არ ჩავთვლით პანდემიურ წელიწადს - ამის შესახებ ვანო ვაშაყმაძემ "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, შემოსავლების შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა ვითარებამ იქონია.

"დიდი ექსპერტობა არ სჭირდება იმის თქმას, რომ არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა აზარალებს ყველა ეკონომიკურ მიმართულებას, მათ შორის, განსაკუთრებით, ტურიზმს, რომელიც სტუმარმასპინძლობას ეფუძნება და მაღალი კონკურენციით გამოირჩევა, რადგან მოგზაურს არჩევანი აქვს, დედამიწის ნებისმიერ წერტილში წავიდეს.

ბოლო წლებში მომიწია კონსულტირება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სტრატეგიის შემუშავებაზე და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თუ კოვიდის 1.5 წელს ამოვიღებთ, 2024 წლის დეკემბერი პირველი შემთხვევაა, როდესაც კლება დაფიქსირდა წინ წელთან შედარებით. ყველა სხვა წლების შემთხვევაში, დაწყებული 1995 წლიდან, ტურისტული ნაკადები იზრდებოდა რეკორდული მაჩვენებლებით და დაახლოებით 3-4 წელიწადში ორმაგდებოდა - ეს ტენდენცია იყო 2000-დან 2015 წლამდე, აბსოლუტური რეკორდი კი 2019 წელი იყო.

ეს რიცხვები ბევრს გვეუბნება იმ მხრივ, რომ ქვეყანა სწორ გზაზე იდგა განვითარების თვალსაზრისით და ის დოკუმენტები, რომლებიც იქმნებოდა სტრატეგიული დაგეგმარებისთვის, შეიძლება ზუსტად არ სრულდებოდა, მაგრამ ტენდენციას ასახავდა და ასრულდება დანიშნულებას, როგორც მაორიენტირებელი დონორებისთვის, მთავრობისთვის და ინდუსტრიისთვის", - აცხადებს ვანო ვაშაყმაძე.

როგორც ტურიზმის ექსპერტი აღნიშნავს, თუ აქამდე ქვეყნის საგარეო კურსი ღიად დასავლური იყო და ტურიზმით დასავლელ მომხმარებელზე იყო გათვლილი, დღეს ქვეყნის ორიენტირი გაურკვეველია, რაც ინდუსტრიაზე მძიმე დარტყმაა: "აქედან გამოსავალი კრიზისის მართვაში მდგომარეობს. დედამიწაზე არსებობს ასეთი კრიზისები და ამ კრიზისად გამოსავლის ძიების სხვადასხვა მოდელები, ალბათ დროა, რომ ინდუსტრია და [ტურიზმის] ადმინისტრაცია დასხდნენ და ერთად ეძებონ გამოსავალი".

ვაშაყმაძის თქმით, 2025 წლის ტურისტული მოლოდინების წინასწარი შეფასება რთულია. როგორც ის აღნიშნავს, ცუდ სცენარში ქვეყანამ, შესაძლოა, ტურისტული შემოსავლების მეოთხედი დაკარგოს, თუმცა ეს მხოლოდ მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.

"რიცხვებთან დაკავშირებით პროგნოზი რთულია, დეკემბერში 10%-იანი კლება შეიძლება არაფერი დიდი ტრაგედია არ იყოს, მაგრამ ჩვენ 2025-ის პირველივე კვარტალი გვაჩვენებს კლებას ზამთრის ტურიზმში და ამ მაჩვენებლების ორჯერ გამრავლებით შეიძლება ვნახოთ, რა იქნება ზაფხულში, რადგან პროპორციულად შემოსავლები ასე ნაწილდება.

ადრე უფრო მაღალ მსყიდველუნარიანი ტურისტი ჩამოდიოდა ზამთარში და დღეს, ეს ფაქტორიც არ არის, გუდაურში ინგლისურ-გერმანული ენის მოსმენაც უცნაურად მეჩვენება უკვე, ამიტომ, თუ ასე მივუდგებით, წლის განმავლობაში ჩვენ შეიძლება დავკარგოთ შემოსავლების 15-20%. ჩვენნაირი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს, რადგან ეს პირდაპირ აისახება სამუშაო ადგილებსა და ხელფასების შემცირებაზე. თუმცა ამის პროგნოზირება რთულია და დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ხვალ და ზეგ", - ამბობს ვანო ვაშაყმაძე.

ცნობისთვის, Galt & Taggart-ის შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10.1%-ით 220 მლნ დოლარამდე შემცირდა. თვიური შემცირების მიუხედავად, ორგანიზაცია წლიურ ჭრილში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 5.5%-იან ზრდას ელის და ამბობს, რომ 4.4 მლრდ დოლარს გაუტოლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები