მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პანდემიიდან მე-3 სასწავლო წელი დაიწყო და ისევ გვეუბნებიან, რომ სკოლა და ბაღი არ უნდა გაიხსნას“ – „მშობლები განათლებისთვის“

6140df1f28087
მარიამ იზორია
15.09.21 00:35
629
ასოციაციის „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი გადაცემა „ქალების ნარატივში“ ბავშვებსა და მშობლებზე დისტანციური სწავლებისა და იზოლაციის გავლენას აფასებს. მეგი კავთუაშვილის განმარტებით, განათლების სისტემაზე გავლენა ვაქცინის დაგვიანებით შემოტანამ, ვაქცინაციის პროცესის თითქმის ჩაგდებამ, დაწესებული ჯარიმების ჩამოწერამ და უკონტროლო სიტუაციამაც იქონია.

“პანდემიიდან უკვე მესამე სასწავლო წელი დაიწყო და ისევ გვეუბნება, რომ სკოლა და ბაღი არ უნდა გაიხსნას, ხელისუფლებას ბავშვების წინაშე განათლებისა და სოციალიზაციის ვალდებულება აკისრია, რომელსაც ვერ ასრულებს. ასეთ რთულ მდგომარეობაში მშობლები და ბავშვები საქართველოში ძალიან დიდი ხანია არ ყოფილან, საერთაშორისო კვლევები მოწმობს, რომ ბავშვების იზოლაციაში ყოფნა მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუარესებს, აქვთ ჩამორჩენა, ხდებიან ასოციალურები“ - ამბობს კავთუაშვილი.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ასევე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სწორი ნაბიჯები უნდა გადადგას, მაგალითად, დასაწყისისთვის ვაქცინაციასთან დაკავშირებით სწორი და მიზნობრივი საინფორმაციო კამპანია აწარმოოს. „მნიშვნელოვანია სწორი საინფორმაციო კამპანია, ვფიქრობ, საჭიროა სკოლის მოსწავლეებისა და ბაღის აღსაზრდელების მშობლებს ინფორმაცია ვაქცინაზე მიაწოდონ, კი არ უნდა დააძალონ, არამედ აუხსნან, თუ რატომ უნდა აიცრან, უნდა გადაიხედოს საბიუჯეტო სახსრები და გამოინახოს რესურსი იმისათვის, რომ კლასში ბავშვების კონტინგენტი შემცირდეს, სამწუხაროდ, ჩვენ ისიც არ გვაქვს დადგენილი, თუ რამდენ კვადრატულ მეტრზე რამდენი ბავშვი უნდა იყოს, რათა ვირუსისგან უსაფრთხო გარემო შეიქმნას, ამ სტანდარტს ვერ ადგენენ,რადგან შემდგომ ნათლად გამოჩნდება ის, რომ ამდენი სკოლის შენობა არ გვაქვს, სწავლა სპონტანურად და მოუმზადებლად არ უნდა დაიწყოს, ეს უარეს შედეგებს მოგვიტანს, აღსანიშნავია ისიც, რომ IDFI-ის უახლესი კვლევის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკამ შეფერხებით მიმდინარე სასწავლო წლისგან უკვე 55 მლრდ ლარის ზარალი მიიღო “ - განმარტავს ის.

შეგახსენებთ, სკოლებში სასწავლო წელი დღეს იწყება, თუმცა, 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. პირველკლასელებისთვის კი სასწავლო წელი 4 ოქტომბერს დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები