მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პანდემიის გავლენა შრომის ანაზღაურებაზე – ყველაზე მეტად ხელფასები ევროპის ქვეყნებში შემცირდა

603353815e22c
თათია კაკიაშვილი
28.02.21 15:17
1167

პანდემიის დაწყებამდე, მსოფლიოში ხელფასები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად იცვლებოდა და რიგ ფაქტორებზე იყო დამოკიდებული. ახლა კი, ცხადია, COVID-19-მა დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო მოსახლეობის შემოსავლების ცვლილებაზე, რაც დასაქმებულების შეცვლილმა სამუშაო საათებმა და თავად დასაქმების სახეობამ გამოიწვია. 

Visual Capitalist-ი გვთავაზობს კვლევას, რომელიც აჩვენებს, 2020 წლის სექტემბრიდან დღემდე, რა გავლენა მოახდინა პანდემიამ გლობალურად სახელფასო ინდექსზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მოიკვლია, როგორ მოქმედებს COVID-19 გლობალურ სახელფასო ინდექსზე, რომელიც აჩვენებს პანდემიას და როგორც ნომინალურ და რეალურ ხელფასებს, ასევე უმუშევრობის მაჩვენებლებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. კვლევა აჩვენებს, რომ ნომინალური სახელფასო მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია.

გლობალური პანდემიის დროს ბევრ ქვეყანაში საშუალო ხელფასის მოცულობამ მნიშვნელოვნად იკლო.  შემცირება განსაკუთრებით მკვეთრი ევროპის რიგ ქვეყნებში, სამხრეთ აფრიკასა და იაპონიაში აღმოჩნდა. ეკონომისტების და ანალიტიკოსების განმარტებით, გლობალურად ხელფასების შემცირება სულაც არ ნიშნავს, რომ დასაქმებულები გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ; სახელფასო ინდექსის საშუალო მაჩვენებლის კლების მთავარი მიზეზი არის დასაქმებულების რაოდენობის და არა ხელფასების ოდენობის კლება. 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტად ხელფასები ევროპის ქვეყნებში შემცირდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ ქვეყნებში შემოსავალდაკარგულმა პირებმა სტანდარტული კომპენსაციები მიიღეს და სახელფასო სუბსიდირების შედეგად, სამსახურის გარეშე დარჩენილ პირთა დაახლოებით 40% მაინც დაკმაყოფილდა. თუმცა საუბარია ევროპის შედარებით მაღალშემოსავლიან ქვეყნებზე, რომლებმაც შეძლეს ეკონომიკის სტიმულირება, რასაც ვერ ვიტყვით დაბალშემოსავლიან ქვეყნებზე. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ ვაქცინის 202 მილიონზე მეტი დოზა მოსახლეობას უკვე გაკეთებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიომ თანდათან პანდემიამდელი ცხოვრებისკენ აიღო გეზი და უკვე არსებობს გარკვეული გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აღდგეს ეკონომიკა, თუმცა პროგნოზი საშუალო ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ჯერ მაინც ვერ კეთდება. 

ეკონომისტები აცხადებენ, რომ ბევრ ქვეყანაში ხელფასები არ იზრდება, ცვლილებას კი, რომელსაც ნომინალურ სახელფასო მაჩვენებლებზე ვამჩნევთ, სინამდვილეში დასაქმების შეცვლილი სახეობა იწვევს. ამას ე.წ. კომპოზიციური ეფექტი ჰქვია, როცა COVID-19–ის გამო შრომის ბაზრიდან მრავალი დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი გაქრა, რამაც საშუალო ხელფასის მაჩვენებელი გაზარდა. 

ე.წ. კომპოზიციური ეფექტის კარგი მაგალითია ბრაზილია: ქვეყანაში როგორც ნომინალური, ისე რეალური ხელფასები იზრდება და მასთან ერთად პირდაპირპროპორციულად იზრდება უმუშევრობაც. დაბალანაზღაურებადი სამუშაოების დაკარგვა ყველაზე უარყოფითად აისახა არაფორმალურად დასაქმებული პირების მდგომარეობაზე, ასევე, თვითდასაქმებულებსა და მიგრანტ მუშაკებზე. მუდმივი უმუშევრობის თავიდან აცილების მიზნით, ბრაზილიაში მცხოვრები ბევრი ადამიანი გაცილებით ნაკლებშემოსავლიან სამსახურს შოულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შესაძლოა ვეღარასდროს დაუბრუნდნენ ჩვეულ სამუშაო პირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები