მესტიაში, კურორტ ჰაწვალის გზაზე მდებარე კოტეჯი „პაპას ქელი“ ბაზარზე 2019 წელს გაიხსნა და მიმდინარე წელს, ზაფხულში კაფე-რესტორნისა და საბავშვო სივრცის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან ტურისტული ობიექტის დამფუძნებლებმა, ირაკლი და გიორგი ჯაჯვანებმა განაცხადეს.
მათი თქმით, კოტეჯი ორ სართულიანია და ჯამში 16 ადამიანის განთავსება შეუძლიათ. ამასთან, სივრცე გარე ჯაკუზსაც მოიცავს.
„ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი კოტეჯი გვაქვს, სადაც 16 ადამიანი ეტევა და კვების გარეშე განთავსება, 600 ლარი ღირს. თუმცა, თუ მომხმარებელი დამატებით კვების სერვისსაც მოითხოვს, ამ შემთხვევაში განთავსების ღირებულება იზრდება.
წელს, ზაფხულში კაფე-რესტორანს და საბავშვო გასართობ სივრცეს ვხსნით. რესტორანი 120 კვ.მ ფართობის იქნება, რაც დიდი რაოდენობით ადამიანის დატევის საშუალებას მოგვცემს. ახალ ობიექტში სავარაუდოდ 5-7 ადამიანს დავასაქმებთ. რაც შეეხება ინვესტიციას, ჩვენ თვითონვე ხელოსნები ვართ და ამ პროექტს ჩვენივე რესურსით ვახორციელებთ, შესაბამისად თანხები არ დაგვითვლია,“-განაცხადეს დამფუძნებლებმა.
როგორც ჯაჯვანები ამბობენ, მათ ტურისტულ ობიექტზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. მათი ძირითადი სტუმრების დიდი ნაწილი ტურისტები, კერძოდ რუსები, უკრაინელები, გერმანელები არიან, ხოლო ქართველები ძალიან მცირე რაოდენობით სტუმრობენ.