პარიკების მწარმოებელი კომპანია „პარიკების ოთახი“ მომავალი წლის ბოლომდე ბათუმში ახალ ფილიალს გახსნის.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, გვანცა ინასარიძე BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რამდენიმე თვის წინ კომპანიამ თბილისის მიღმა პირველი ფილიალი ქუთაისში გახსნა, რომელიც უკვე წარმატებით ოპერირებს. ბათუმში მეორე ფილიალის გახსნა კი ამ ბაზრიდან წამოსულმა დიდმა ინტერესმა და მოთხოვნამ განაპირობა.
„დასავლეთიდან, განსაკუთრებით ბათუმიდან, თერჯოლიდან და ზუგდიდიდან ხშირად გვწერდნენ და გვსტუმრობდნენ. მომხმარებლებს ურჩევნიათ, პროდუქტი ადგილზე მოირგონ. სწორედ მზარდმა ინტერესმა გადაგვაწყვეტინა, რომ ბათუმშიც გავხსნათ ფილიალი“, - ამბობს ინასარიძე.
მისივე ინფორმაციით, ქუთაისში გახსნილი ფილიალი დიდი წარმატებითა და პოპულარობით სარგებლობს რეგიონში. ის დასძენს, რომ ობიექტს უკვე თავადვე შეუძლია საკუთარი ხარჯების გასტუმრება : “ხუთი თვე არ არის დიდი პერიოდი, მაგრამ სტაბილური გაყიდვები გვაქვს და ვმუშაობთ ცნობადობის გაზრდაზეც“, - აღნიშნავს გვანცა ინასარიძე.
მისი თქმით, ქუთაისის ფილიალის გახსნაზე დაახლოებით 15 000–20 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მოიცავდა იჯარის, სარემონტო და ინვენტარის ხარჯებს. ფილიალში ამ დროისთვის სამი თანამშრომელია დასაქმებული, თუმცა კომპანიის გეგმებში ახალი სპეციალისტების მოზიდვაც შედის.
ინფორმაციისთვის, „პარიკების ოთახი“ ქართულ ბაზარზე მესამე წელია ოპერირებს. სოციალური საწარმო თბილისთან ახლოს, სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. კომპანია წარმოებულ პარიკებს ბუნებრივი თმისგან ამზადებს და ამ დროისათვის უკვე 25 ადამიანს ასაქმებენ.




























