პარიკების მწარმოებელმა კომპანია „პარიკების ოთახმა“ პროდუქციაზე ფასები გაზარდა, - ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა გვანცა ინასარიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ფასების კორექცია ძირითადად ნედლეულის ღირებულების ზრდამ განაპირობა. გვანცა ინასარიძის განმარტებით, აქამდე ქართული წარმოების პარიკების ფასი 250 ლარიდან 5 000 ლარამდე მერყეობდა, ახლა კი მაქსიმალური ფასი უკვე 6 000 ლარამდეა გაზრდილი.
„ჩვენი ნედლეული იმპორტირებულია. შესაბამისად, მასალებზე გაზრდილი ფასები და დოლარის კურსის ცვლილება პირდაპირ აისახება პროდუქციის ღირებულებაზე. ამასთან, გავზარდეთ სამკერვალოში საკადრო ფონდი, რაც ასევე ფასების კორექციის განმაპირობებელია“, - აღნიშნავს ინასარიძე.
ინასარიძე აღნიშნავს, რომ წინ "შავი პარასკევის" აქციებია, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას, რომ მომხმარებელი სპეციალური შეთავაზებებით გაანებივროს: „ახლა ვემზადებით შავი პარასკევის აქციისთვის, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლოს“.
ინფორმაციისთვის, „პარიკების ოთახი“ ქართულ ბაზარზე მესამე წელია რაც ოპერირებს. სოციალური საწარმო თბილისთან ახლოს, სოფელ გამარჯვებაში, მაღაზია კი, თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარეობს. კომპანია წარმოებულ პარიკებს ბუნებრივი თმისგან ამზადებს და ამ დროისათვის უკვე 25 ადამიანს ასაქმებს.




























