ნოემბრის დასაწყისიდან პარიზის ცენტრალურ უბნებში ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა. კერძოდ, ოთხი რაიონის 40-მდე ქუჩაზე საფრანგეთის დედაქალაქის მერიამ ZTL ზონები დააწესა, სადაც მხოლოდ რამდენიმე სახეობის ტრანსპორტით გადაადგილებაა დაშვებული.
Euronews-ის ინფორმაციით, ამიერიდან აღნიშნულ ქუჩებზე მხოლოდ გადაუდებელი დახმარების მანქანების, ავტობუსების და ტაქსების გადაადგილება იქნება შესაძლებელი, ასევე იმ ადამიანების, ვისაც დამოუკიდებლად მობილობა უჭირთ და მძღოლების, რომლებიც აღნიშნულ რაიონებში ცხოვრობენ ან მუშაობენ.
ZTL ზონა პარიზის ცენტრში, დაახლოებით, 5 კვადრატულ კილომეტრს ფარავს - ტერიტორიას რომელზეც 100 000 ადამიანი ცხოვრობს.
მერიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიღმა ამ ქუჩებზე ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის დონის შემცირება დგას.
New European Environment Agency-ის თანახმად, პარიზი იმ ქალაქების ჩამონათვალშია, სადაც ჰაერის მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია საშუალო დონეზეა და კუბურ მეტრზე 10.5μg-ს აღწევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით კი, ჯანმრთელობის დასაცავად, კონცენტრაცია კუბურ მეტრზე 5μg-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ახალი სქემის ფარგლებში, საფრანგეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დედაქალაქის ყველაზე დატვირთულ ქუჩებში საცობები განიტვირთება.
ინიციატივის ამოქმედებიდან რამდენიმე თვე ZTL ზონებში წესების უგულებელყოფით გადაადგილებისთვის მძღოლებს ჯარიმას არ გამოუწერენ, თუმცა სატესტო პერიოდის გასვლის შემდეგ, ფინანსური სანქცია 135 ევრომდე გაიზრდება.