საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება, ანუ არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან მეათე დღეს. მისივე თქმით, არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია და ერთადერთი, ვისი ლეგიტიმაციაც სჭირდება ქვეყნის პარლამენტს, ეს არის მოსახლეობა, ამომრჩეველი, ქართველი ხალხი.
„სწორედ ქართველმა ხალხმა მიანიჭა პარლამენტს ლეგიტიმაცია. რაც შეეხება პარლამენტის პირველ შეხვედრას, ვადები არის დადგენილი კონსტიტუციით. ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ფორმალური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მეათე დღეს, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება, ეს არის, რასაც ადგენს საქართველოს კონსტიტუცია“, – განაცხადა კობახიძემ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე გუშინ წარადგინეს და ხელი მოაწერეს. ცესკოს საბოლოო შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში მანდატები ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვა. აქედან ყველაზე ყველაზე მეტი 89 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ხოლო 61 მანდატი შემდეგ პარტიებზე განაწილდა: კოალიცია ცვლილებებისთვის (19 მანდატი), ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (16 მანდატი), ძლიერი საქართველო (14 მანდატი), გახარია საქართველოსთვის (12 მანდატი).
შეგახსენებთ, არც ერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დიდი ნაწილი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. შედეგები "ქართულო ოცნებისთვის" არ მოულოცავს არც ერთი დემოკრატიული დასავლური ქვეყნის ლიდერს.