მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი დღეს კულტურისა და სპორტის სამინისტროს აღადგენს

6050820742697
შოთა ტყეშელაშვილი
16.03.21 14:15
907
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით კულტურისა და სპორტის სამინისტროს დამოუკიდებელი სახით აღდგენის საკითხს უნდა უყარონ კენჭი. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონთან ერთად კიდევ 56 კანონი იცვლება, რომლებშიც ახალი სამინისტროს სახელი და უფლებამოვალეობები იქნება გაწერილი.

აღდგენილი სამინისტროს დაფინანსების შესახებ კანონპროექტი ორ ჩანაწერს აკეთებს, კერძოდ, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 1.8-მილიარდიანი ბიუჯეტი გაიყოფა ორ მიმართულებად. მიმართულებები და პროგრამები, რომლებიც განათლების სამინისტროდან გადის, ბიუჯეტით განსაზღვრულ დაფინანსებასაც გაიყოლებს. ამ პროგრამების მოცულობა ამჟამად 300.7 მილიონ ლარს აჭარბებს.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს 300.7-მილიონიანი მიმართულებებია:

  • მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 122.4 მლნ ლარი;
  • კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 69.5 მლნ ლარი;
  • სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 46.9 მლნ ლარი;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 30 მლნ ლარი;
  • კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები - 17.1 მლნ ლარი;
  • კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 8 მლნ ლარი;
  • სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 6.8 მლნ ლარი;
ამ თანხებს სხვადასხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო ხარჯებიც დაემატება, რაც განცალკევებული სახით სამინისტროს ოპერირებასთან არის დაკავშირებული. კანონის თანახმად, სამინისტროებს შორის მიმართულებების მიხედვით თანხების განაწილებასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს 10 დღის ვადაში კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის შექმნა ევალება:

"კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს მთავრობამ ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა,” - ნათქვამია კანონპროექტში.

აღდგენილ კულტურისა და სპორტის სამინისტროში უკონკურსოდ გადავლენ ის მოხელეები, რომლებიც ამჟამად განათლების სამინისტროს შესაბამის მიმართულებებზე საქმიანობენ. ჯამში, ეს საშტატო ნუსხა 329 თანამშრომელია.

შეგახსენებთ: განათლების, მეცნიერების სამინისტროს კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2018 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის “მცირე მთავრობის” ინიციატივით გაერთიანდნენ. უწყების მინისტრად მიხეილ ბატიაშვილი დასახელდა, რომელიც მოგვიანებით მიხეილ ჩხენკელმა შეცვალა.

აღდგენილი კულტურის და სპორტის სამინისტროს მინისტრად თეა წულუკიანი განიხილება, რომელიც ამჟამად პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები