მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის ბიუროს სხდომა გადაიდო - მიზეზები

6405d7b5942b1
ინგა მურუსიძე
06.03.23 16:13
730
პარლამენტის ბიუროს სხდომა ხვალისთვის გადაიდო. სხდომა დღეს, 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ისე, რომ სხდომათა დარბაზში არ შეკრებილან, პარლამენტის დაგეგმილ ღონისძიებებში ანონსმა ხვალ 10:00 საათისთვის გადაიწია.

საქმე ის არის, რომ უკვე 7 საათზე მეტია პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ კანონპროექტებს გავლენის აგენტების შესახებ. სხდომას ესწრება არასამთავრობო სექტორი, რომელიც დეპუტატებს მოუწოდებს, კანონპროექტის მიღება გადაიდოს. სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც დილიდან, პარლამენტის მიმდებარედ იმართება.

“ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს და ვერ შეაქვთ დღის წესრიგში რუსული კანონი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ასევე ჩავუშალეთ კომიტეტის სხდომა სარჯველაძეს (ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი). არ ისურვა რუსულ კანონზე საუბარი და გაიქცა”, - აცხადებს „ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანი წითლიძე ამბობს, რომ დღეს ბიურო ვერ ჩაატარეს.

„ბიურო გადაიდო! ხვალ 10 საათამდე. უნდა ყოფილიყო დღეს 15:00 საათზე. ვერ ჩაატარეს! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - წერს წითლიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

პარლამენტის პრესსამსახურში BMG-ს უთხრეს, რომ ბიუროს სხდომის გადადება იმას უკავშირდება, რომ კომიტეტების სხდომები ვერ დასრულდა.

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, დეპუტატები სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზი დატოვა და ჯერ უცნობია, როდის განახლდება, ან რა არის გადადების მიზეზი.