პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს, რომელიც მოიცავს როგორც საბაზო, ისე ოპტიმისტურ და პესიმისტურ სცენარებს.
საბიუჯეტო ოფისის მიერ საბაზო სცენარით გათვალისწინებული პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.7%-ით გაიზრდება. აღნიშნული პროგნოზი 0.7 პროცენტული პუნქტით აღემატება მთავრობის პროგნოზს (6.0%) და 1.1 პპ-ით მეტია საბიუჯეტო ოფისის მიერ 2021 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ მაჩვენებელთან შედარებით.
საბაზო სცენარის მიხედვით, 2023 წელს რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 5.2%-ს შეადგენს, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება მთავრობის პროგნოზს.
„აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ მიმდინარე წელს და საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნდება პანდემიის შემდეგ დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები - უფრო მეტად გაიზრდება ტურიზმის მაჩვენებლები, მნიშვნელოვან დონეზე შენარჩუნდება საგარეო ვაჭრობის და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები. დაშვებისას ასევე მხედველობაშია მიღებული როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობა, ასევე - საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები და პროგნოზი“, - წერია ოფიციალურ დოკუმენტში.
რაც შეეხება ოპტიმისტურ პროგნოზებს, საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2022 წელს, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდოს; ხოლო 2023 წელს მშპ-ის ზრდის მაჩვენებელმა 6.6% შეადგინოს, აღნიშნული მაჩვენებლები თითქმის 1 პპ-ით აღემატება მთავრობის პროგნოზს.
პესიმისტური სცენარით საბიუჯეტო ოფისი წელს საქართველოს ეკონომიკის 5.2%-იან ზრდას პროგნოზირებს; ხოლო 2023 წელს - მშპ-ის 3.2%-იან ზრდას.




























