მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი ვითარებაა თურქეთის ეკონომიკაში?

ვაჭრობა

მეზობელ თურქეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ისევ არაერთგვაროვანია. ქვეყანა კვლავ აწყდება მაღალ ინფლაციას, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და სხვა მაკროეკონომიკურ გამოწვევებს. უფრო კონკრეტულად თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობა ასეთია:

მშპ-ის ზრდა

მსოფლიო ბანკის დათვლებით, 2025 წელს თურქეთის ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წელთან მიმართებით ზრდის პროგნოზი 2.6%-ის ფარგლებშია, რაც შემცირებული მაჩვენებელია. საერთო ჯამში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 1 ტრილიონ 437 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის გლობალურ რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს.

ინფლაცია

თურქეთში მთავარი პრობლემა ისევ ინფლაციაა, რომელიც, ოფიციალური მონაცემებით, 35%-ის ფარგლებშია, რაც ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია მსოფლიოში.

რეფინანსირების განაკვეთი

ინფლაციის კონტროლის მიზნით, თურქეთის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 43%-ზე ინარჩუნებს. ეს მიდგომა მიზნად ისახავს ფასების სტაბილიზაციას, თუმცა მაღალი განაკვეთი სესხების მიღებას ართულებს, კაპიტალს აძვირებს და ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს. უჩვეულოდ მაღალ ინფლაციასთან ერთად, თურქეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მონეტარული პოლიტიკაც გამოარჩევს.

უმუშევრობის დონე

თურქეთში უმუშევრობის დონე 9.4%-ს აღწევს, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. თავად ეს მაჩვენებელი შრომის ბაზარზე არსებული სტრუქტურული პრობლემების არსებობაზე მიუთითებს, თანაც გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება უმუშევრობის შემცირება და ქვეყანაში სამუშაო ადგილების გაზრდა იყო.

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი

უკვე დიდი ხანია, რაც თურქული ლირა რეკორდულად უფასურდება. ამჟამად ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითი კურსი 40.5 ლირას აღწევს, რაც ახალი ანტირეკორდია. ბუნებრივია, ვალუტის გაუფასურება იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდას იწვევს და ინფლაციას აძლიერებს. თურქული ვალუტის მიმართ ინვესტორებს ნდობა დაკარგული აქვთ, ამიტომ ის თითქმის ყოველდღიურად უფასურდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები