კონსტიტუციონალისტ კონსტანტინე ჩოკორაიას შეფასებით, პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს.
როგორც მან BMG-სთან განაცხადა, დღეს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა კონსტიტუციის დარღვევით მოხდა, ვინაიდან 150-ვე დეპუტატის არჩევის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული და ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა. მისივე თქმით, არაკონსტიტუციური იქნება ამ პარლამენტის ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილებაც.
"პარლამენტის ლეგიტიმაციას აქვს ბევრი პრობლემა. მათ შორის არჩევნების ნაწილი და რა თქმა უნდა, თავად უფლებამოსილების ცნობის საკითხი მოხდა კონსტიტუციის უგულებელყოფით.
პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით მოხდა დღეს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, იმიტომ, რომ არ შეიძლება დადგენილების პროექტში, რომლითაც უფლებამოსილების ცნობა ხდება, იმ პირის სახელისა და გვარის შეტანა, რომლის არჩევის საკითხი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.
გასაჩივრებულია 150-ვე დეპუტატის არჩევის საკითხი. ეს ნიშნავს, რომ არაკონსტიტუციური იყო გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო და ყველა ისე გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება პარლამენტის მხრიდან, ეს იქნება მთავრობის დამტკიცება, პრეზიდენტის არჩევის გამოცხადება თუ სხვა რამ, არაკონსტიტუციურად იქნება გაკეთებული. მთავარი, როგორც უნდა მომხდარიყო პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, მოხდა კონსტიტუციის დარღვევით და სრული უგულებელყოფით", - ამბობს კონსტანტინე ჩოკორაია.
რაც შეეხება იმას, რომ პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე შეიკრიბა, კონსტიტუციონალისტის თქმით, ეს უფრო პროცედურული დარღვევაა, თუმცა ეს საკითხი დამოუკიდებლად პარლამენტის უფლებამოსილების წინაღობა ვერ გახდებოდა.
ცნობისთვის, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.
20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, გამწესრიგებელი სხდომის თარიღი, რომელზედაც სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უნდა იმსჯელოს.