მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც გრანტის დეფინიცია გაფართოვდა და მიღება უფრო შეიზღუდა

გრანტი

"გრანტის" დეფინიცია გაფართოვდა. ამიერიდან გრანტად ჩაითვლება ნებისმიერი სახსრები, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებების ავტორების თქმით, "შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას".

კერძოდ, ახალი კანონი ითვალისწინებს იმასაც, რომ თუ მაგალითად, "უცხოური ძალა" საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს (ტექნიკური დახმარება), ეს თანხაც გრანტად კლასიფიცირდება და მთავრობის თანხმობას საჭიროებს. ამასთან, უცხოური ორგანიზაციების ფილიალებს საკუთარი სათავო ოფისებიდან დაფინანსების მისაღებადაც კი მთავრობის ნებართვა დასჭირდებათ.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა, მკაცრ სანქციებს ადგენს წესების დარღვევისთვის. კერძოდ,

  • გრანტების შესახებ კანონის დარღვევა: გამოიწვევს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე.
  • ფულის გათეთრება პოლიტიკური მიზნით: 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
  • გარე ლობიზმი: სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება უცხოური ძალისგან ფულის მიღება პოლიტიკური აქტივობის სანაცვლოდ (სანქცია: 6 წლამდე პატიმრობა).

გრანტის ცნება ფართოვდება - ვის რა ჩაეთვლება გრანტად?

დღეს დამტკიცებული ცვლილებები ეხება პოლიტიკური პარტიების წევრობასაც. პირს, რომელიც დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურია, 8 წლის განმავლობაში ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა.

ამასთან, იზღუდება მეწარმე სუბიექტების პოლიტიკური აქტივობაც:

  • ბიზნესს ეკრძალება ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობა, რომელიც მის საქმიანობას არ უკავშირდება.
  • პირველ ჯერზე ჯარიმა 20 000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ადმინისტრაციული სასჯელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ჩანაცვლდება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების მიზანი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში გარე ჩარევების პრევენციაა. ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები კრიტიკული აზრისა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვისკენ არის მიმართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები