ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, პარლამენტის რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა. 13 პუნქტისგან შემდგარი რეზოლუციის პროექტი პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა 1 მარტს გვიან ღამით გამოაქვეყნა. დოკუმენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისკენ.
ჯერ კიდევ 1 მარტს, ქართული ოცნების ლიდერები აცხადებდნენ, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს საქართველო 2024 წლამდე არ გააკეთებდა, თუმცა უკვე 2 მარტს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 3 მარტს პრემიერი გაწევრიანების განაცხადს გააკეთებდა. 3 მარტსვე წევრობის განაცხადი გააკეთა მოლდოვამაც.
"საქართველოს პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებებით. აღნიშნულის შესახებ საუბარია პარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ“ რეზოლუციით, პარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირის ინსტიტუტებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებისთვის ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგან. რეზოლუციის პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ლევან ქარუმიძე, თამარ ტალიაშვილი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი და სოზარ სუბარი არიან,"- ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




























