პარლამენტმა „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა. დღეს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატების შესაბამისი მიმართვები დაკმაყოფილდა.
ხაზარაძემ დეპუტატის მანდატზე უარის თქმის გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ მიიღო. მისი თქმით, საპარლამენტო მუშაობამ აზრი დაკარგა.
არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გააცხადა თავისი გადაწყვეტილება ზურაბ ჯაფარიძემაც. „მე არც კაბინეტი მაქვს, არც ხელფასი ამიღია, არც თანაშემწე მყავს, ერთადერთი სტატუსი მქონდა შენარჩუნებული და მასზე უარს ვამბობ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ხაზარაძე და ჯაფარიძე პარლამენტის დეპუტატები 2020 წლის ოქტომბერში გამართული არჩევნების შედეგების მიხედვით გახდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნებიან ჯაფარიძის და ხაზარაძის ადგილმონაცვლეები პარლამენტში.