მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა მუნიციპალიტეტებს გენგეგმების შემუშავების ვადა 2035 წლამდე დაჩქარებული წესით გადაუვადა

პარლამენტი

ქართული ოცნების პარლამენტმა 84 ხმით, "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილებოდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, სივრცითი დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ-ი - სივრცითი და ქალაქთმშენებლობით განვითარების სააგენტო განსაზღვრავს. მუნიციპალიტეტებისთვის დადგენილი სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტაციის (გენგეგმების) მომზადების ვადა კი 2028 წლის 1 იანვრიდან 2035 წლის 31 დეკემბრამდე გადაუვადდებათ. შესაბამისად, 2035 წლის 31 დეკემბრამდე გადავადება ამ რეგულაციის ფაქტობრივად 2036 წლამდე გადავადებას ნიშნავს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ტერიტორიის 80%-ზე მეტი ამჟამად სივრცის დაგეგმარების გეგმებით დაფარული არ არის, ხოლო მუნიციპალიტეტებს არ აქვთ საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსი ამ პროცესის დროულად დასასრულებლად, რის გამოც ამჟამად არსებული ვადა, რაც სივრცითი დაგეგმარების 80%-ის მოცვას 2028 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს უმჯობესია მთელი 7 წლით, 2035 წლამდე გადაიწიოს.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს:

  • საბაზისო-თემატური გეგმების შემუშავებას გარდამავალ პერიოდში, რათა ქაოტური განაშენიანების რისკი შემცირდეს;
  • დეტალური გეგმების ადმინისტრაციული წარმოების გამარტივებას – ორი ეტაპის ნაცვლად, ერთი ეტაპის დანერგვით;
  • დოკუმენტბრუნვის სრული დიგიტალიზაციას, რაც პროცესის გამჭვირვალობას და კონტროლს გააძლიერებს;
  • ესთეტიკური სტანდარტების განსაზღვრას საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რადგან ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტებს აქამდე შესაბამისი რეგულაციები არ დაუმტკიცებიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები