პარლამენტმა ოპოზიციის 51 დეპუტატს უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარი უთხრა. დღეს საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობამ იმსჯელა ოპოზიციის 51 დეპუტატის მიმართვაზე, რომლებიც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ითხოვდნენ. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ კენჭისყრები გამართა და საკითხი მთლიანად ჩავარდა.
„ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა, რომ კენჭისყრების შედეგად საკითხს ჩააგდებდნენ და ეს რამდენიმე ფაქტორით ახსნეს, მათ შორის იყო მოსახლეობის მხარდაჭერა ოპოზიციისადმი, საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია ამ საკითხზე და ა.შ.
"ოცნება“ ოპოზიციას მოუწოდებს, საბოტაჟს თავი დაანებონ და პარლამენტში თავიანთი ადგილი დაიკავონ.
ინფორმაციისთვის: ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ამის გამო
პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. შეთანხმება ვერ ხერხდება.
დღევანდელ სხდომას პირველად დაესწრნენ პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენლები - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. გარდა ამისა, ოპოზიციის კვოტით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი არიან "პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრები.




























