მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა "საკვების ბანკის" შექმნაზე მოქალაქის წინადადება უარყო - რა არის ალტერნატივა?

617fb88d518ac
მარიამ ვარადაშვილი
01.11.21 14:14
828
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა "საკვების ბანკის" შექმნაზე მოქალაქე დავით მებაღიშვილის საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა, თუმცა როგორც კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა სხდომაზე განაცხადა, ამ საკითხზე აგრარულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორთან ერთად უკვე მუშაობს.

"საქართველოს მოქალაქის დავით მებაღიშვილის საკანონმდებლო წინადადება "საკვების ბანკის" შექმნის თაობაზე მიზნად ისახავს სიღარიბისგან გამოწვეული შოკების შემცირებას. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, კომიტეტი გეგმავს წლის ბოლომდე შეიმუშაოს კანონპროექტი ამ საკითხზე. გარდა ამისა, მთავრობის მიერ მოწოდებული დასკვნის თანახმად, მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დამუშავებას საჭიროებს სურსათის უვნებლობის კუთხით. შესაბამისად, მიზანშეწონილია საკანონმდებლო წინადადების ავტორმა აგრარული კომიტეტის ფარგლებში იმუშაოს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო წინანადება უარყოფილ უნდა იქნას და მუშაობა აგრარული კომიტეტის ფარგლებში გაგრძელდეს", - განაცხადა სხდომაზე დავით სონღულაშვილმა. 

ამავე კომიტეტის სხდომაზე საკვების ბანკის თემაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ხატია წილოსანმაც ისაუბრა და თქვა, რომ ამ საკითხზე ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის ფორმატში იმუშავებენ.

“ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ასევე აღვნიშნო, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში განიხილება არა მხოლოდ საკვების ბანკის შექმნასთან დაკავშირებული საკითხი, არამედ ზოგადად ვარგისად გამოსაყენებელი სურსათის სწორად მართვის საკითხები და ეს შეიძლება იყოს მისი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი. შესაბამისად, გვქონდა ინიციატორთან შეხვედრაც და შევთანხმდით ერთობლივ მუშაობაზე ამ თემებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, სწორია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ფორმატში უარყოფილ იქნას წინადადება და ერთიან პაკეტზე გაგრძელდეს მუშაობა.

საქართველოში სურსათის ბანკის შექმნა იგეგმება. შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაზე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს. ცვლილებები შეეხება როგორც რითეილ, ისე ჰორეკა სექტორს, რომელთაც საკვების არა ჩამოწერის და გადაყრის, არამედ დონაციის შესაძლებლობა მიეცემათ.

საუბარია სურსათის ბანკში ისეთი ტიპის პროდუქტების დონაციაზე, რომელსაც მალე გასდის ვადა, თუმცა ნაკლებ რისკიანია გამოყენებისთვის. უკვე გამოცდილი მოდელის მიხედვით, საკვების ბანკი ძირითადად რესტორნებთან, სასტუმროებსა და სუპერმარკეტებთან ითანამშრომლებს, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული ნუსხის მიხედვით, უვნებელ პროდუქტებს მიაწვდიან ბანკს. პირველადი დოკუმენტის მიხედვით, სურსათის ბანკის მენეჯმენტს არა სახელმწიფო, არამედ საქველმოქმედო ორგანიზაციები განახორციელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები