რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეები იკრიბებიან.
საპროტესტო აქციის მონაწილეები "პირველებთან" საუბარში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია საპროტესტო მოძრაობა, რომელიც რუსთაველზე ღამის საათებში აქტიურდება, დღის განმავლობაშიც ჩანდეს.
"არ შეიძლება დღისით ვიყოთ ჩუმად, მაშინ როდესაც ღამე გვარბევენ და ასეთ საშინელებებს გვიკეთებენ. ამიტომ ეს არის მცდელობა, რომ პროტესტი გადმოვიდეს დღისითაც", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროევროპული დემონსტრაციის პარალელურად მიმდინარეობს პარლამენტის შენობიდან საღებავით დაწერილი ლოზუნგების წაშლა. როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, პარლამენტის ფასადზე ქვას მშრალი წესით ამუშავებენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მომიტინგეებს პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით უკვე შეუერთდნენ ველოსპორტსმენები. საპროტესტო შეკრება ასევე დაგეგმილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოშიც, სადაც სტუდენტები 15:00 საათიდან შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძვრებიან.