მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია 23 აპრილს 19:00 საათზე კვლავ გაიმართება

აქცია

აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ პარლამენტთან საპროტესტო აქცია 23 აპრილს 19:00 საათზე კვლავ გაიმართება.

22 აპრილს "აგენტების კანონის" გასაპროტესტებლად მორიგი აქცია-მსვლელობა მოეწყო თბილისში, რაც ტრადიციულად, პარლამენტთან დასრულდა.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს. “ქართული ოცნების” ოფისთან პოლიციელების კორიდორია, სადაც ახალგაზრდები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს”.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან ახლოს მისვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ოფისთან მიახლოება სურდათ, რათა "ქართულ ოცნებას“ პროტესტის ხმა უკეთ გააგონონ.

თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. აქციებზე აპროტესტებენ „რუსულ კანონს“, რომელსაც „ქართული ოცნება“ „გამჭვირვალობის“ კანონს უწოდებენ.

აღნიშნული კანონი პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა. 18 აპრილიდან კი საკუთარი ინიციატივით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავენ ახალგაზრდები/მოქალაქეები და „რუსული კანონის" გაწვევას მოითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები