პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, რომ მომავალი პრეზიდენტი კვლავ მოქალაქეებმა აირჩიონ. განცხადება პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.
„გახარიას გუნდი, პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელდეს ცვლილება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. კერძოდ, დაბრუნდეს მანამდე არსებული წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ. ეს უზრუნველყოფს პრეზიდენტის საჭირო ლეგიტიმაციასა და დამოუკიდებლობას.
ამიტომ, მოვუწოდებთ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას, ამ საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ მუშაობა კონსტიტუციურ ცვლილებაზე, სახელმწიფოს მეთაურის - პრეზიდენტის საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩევის წესის დაბრუნებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, ეს საკითხი პარტია საარჩევნო პროგრამის ნაწილშიც ჰქონდა, მაგრამ საახალწლო სიურპრიზების შედეგად, საკითხის გაჟღერება დაჩქარდა.
„ეს გამოცდილება არ არის უცხო, ბევრ ევროპულ სახელმწიფოს მოუწია დაებრუნებინა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი", - განაცხადა ლილუაშვილმა.