საქართველოს მიმართ ძალიან კარგი განწყობაა და ეს განწყობა გამომდინარეობს იქიდან, რომ დღეს ჩვენი ხალხი იბრძვის და ქუჩაში დგას - ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიზიტად მყოფმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა მათ პარტნიორებთან ურთიერთობის მნიშვნელობასა და რუსულ ჰიბრიდულ ომზე ესაუბრა.
„საქართველო იქნება ყველგან, სადაც მე შევძლებ მისვლას. მაგრამ ჩემი ძირითადი ადგილი და მუდმივი ადგილსამყოფელი არის საქართველო! აუცილებელია საზღვარგარეთ ჩვენი სიტყვა მივიტანო იქ, სადაც შემიძლია, სადაც მიცნობენ და სადაც განაგრძობენ ამ ფორმალურ და ოფიციალურ ურთიერთობებს.
საქართველოს მიმართ ძალიან კარგი განწყობაა და ეს განწყობა გამომდინარეობს იქიდან, რომ დღეს ჩვენი ხალხი იბრძვის და ქუჩაში დგას. როცა ჩვენი პარტნიორები ხედავენ რა გამძლეობით და რამდენი დღე დგას ხალხი ქუჩაში, ძალიან დიდ სიმპათიას იწვევს და დახმარების სურვილს აღუძრავთ.
ადამიანის უფლებების ყველა ის დარღვევა, რაც ჩვენს თვალწინ ხდება - დემოკრატიის ჩამოშლა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის გაუქმება, ეს ყველაფერი ჩვენი საქმეა და ჩვენი მოსავლელია. ეს შეგვიძლია ავუხსნათ ჩვენს პარტნიორებს და გაიგონ, თუ რამდენად რთულია მდგომარეობა.
ჩემი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველომ ჯერ კიდევ 2008 წელს განიცადა რუსეთის სამხედრო შემოტევა, ეს პირველი იყო და ერთგვარად საცდელი ქვა ვიყავით რუსეთის სამხედრო სტრატეგიისთვის, რაც შემდგომში ყირიმში და უკვე 2022 წელს მთლიანად უკრაინის წინააღმდეგ განხორციელდა. ახლა ჩვენ უკვე სხვა, არა სამხედრო კუთხით ვართ კიდევ ერთი საცდელი ქვა, ამჯერად, ამ არჩევნებში ჰიბრიდული სტრატეგიის მსხვერპლი გავხდით. ეს იყო მომზადებული და სტრატეგიულად დაგეგმილი, სხვა უწყებებიდან წამოსული.
ახალი რუსული ჰიბრიდული სტრატეგია მხოლოდ საქართველოზე არ ვრცელდება. ეს დაიწყო საქართველოთი, მაგრამ ვნახეთ რუმინეთშიც, თუ როგორ გამოიყენეს - „ტიკტოკის ფორმა” და ძალიან დიდი ფული, საქართველოშიც დიდი ფული დაიხარჯა, მოლდოვაშიც და მოლდოვა საკუთარმა დიასპორამ გადაარჩინა. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ ვერ შევძელით საზღვარგარეთ იმდენი უბნის გახსნა, რამდენიც საჭირო იყო.
რუსეთი შემდეგი ეტაპისთვის ემზადება - ამიტომ საქართველო, ამიტომ მოლდოვა, ამიტომ რუმინეთი. თუ მან არ გაიმარჯვა ომში, თუ მან არ გაიმარჯვა მშვიდობაში, ე.ი უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში და არჩევნებში გამარჯვებით დაიბრუნოს ის უკრაინა, რომლის დაბრუნებაც უნდა, როგორც უნდოდა საქართველოს დაბრუნება, იმის მიუხედავად რომ ომით ვერ დაიბრუნა ის. ეს არის გეგმა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს გეგმა გაიმარჯვებს - ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს პარტნიორებთან იყო სწორედ ის, რომ მათ ამ ყველაფერს გლობალურად შეხედონ, შეხედონ და უფრო კარგად შეისწავლონ ის, რაც მოხდა საქართველოში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




























