მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პარტნიორებთან ურთიერთობები ასე არ ლაგდება" - პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს ინტერვიუს შესახებ

სს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ შეაფასა, რომელიც გუშინ "იმედის" ეთერში ჰქონდა.

ინტერვიუს დროს ივანიშვილმა თქვა, რომ დამატებით სანქციებს არ ელოდება, უფრო მეტიც, მათთვის აშშ ყოველთვის პრიორიტეტი იყო და არჩევნების შემდეგ აშშ-ს ელჩთან შეხვედრაც დაგეგმილი აქვს.

პრეზიდენტმა "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ პარტნიორებთან ურთიერთობები ასე არ ლაგდება

“ბიძინა ივანიშვილს არავისთან არაფერი დაულაგებია. მან და მისმა პარტიამ აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც მთელი პირველი პერიოდი მიყვებოდა ხელისუფლება. აურია და დაგვტოვა იზოლაციაში. ამიტომ, სიტყვა დალაგება არ იარსებებს, რადგან ასე არ ლაგდება. დალაგება იქნება, როცა მოვა ახალი მთავრობა. როგორ წარმოუდგენია მას, დალაგდება და “რუსული კანონი” იქნება, “ოფშორების” კანონი იქნება, დისკრიმინაციული პოლიტიკა იქნება და ამ ყველაფრის ფონზე დალაგდება? - თუ ეს არის პერსონალური გარანტია იმიტომ, რომ ადამიანი შეშინებულია და ამის გამო არავის უნდა, ქვეყანა არის, ეს სხვა საკითხია და დალაგება ახალი მთავრობის საქმე იქნება, რომელიც მოვა დიდი უმრავლესობით და რომელიც ნამდვილად დაალაგებს. პრორუსული პოლიტიკის ფონზე არაფერი დალაგდება. ისეთი პროცესია დაწყებული, რომ ერთი სიტყვის გადაგდების ფონზე არაფერი დალაგდება.

მის გამოსვლაში მეორე აქცენტი იყო ვირტუალურ პოლიტიკაზე, რომ არ შეიძლება ვიცხოვროთ ვირტუალურ გარემოცვაში და რეალურად, მისი სიტყვა იყო ვირტუალური - ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმების სტატისტიკაზე ისაუბრა. უმუშევრობამ იმის ფონზე იკლო, რომ ქვეყნიდან გავიდა უამრავი ადამიანი. ნურავინ დაიბრალებს, რომ დასაქმება გაიზარდა, რომ ეკონომიკა ყვავის. გაესაუბრონ ნებისმიერ მოქალაქეს ქალაქში ან რაიონში და ჰკითხონ, როგორ აისახა პირადად მასზე ამ ეკონომიკის ბუმი. მეც ვხედავ, როგორ ფეშენებელურ სახლებს იშენებენ და ეს არ არის ჩვეულებრივი მოქალაქის ხელფასით აშენებული სახლები, ისინი შენდება სწორედ გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯზე” - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ასევე შეაფასა ივანიშვილის ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც ის ამერიკულ სანქციებსა და შვეიცარიულ ბანკში გაყინულ თანხებზე საუბრობს.

“ეს არის კონსპირაციული თეორიების ფონი, რომელიც მოგვდის საბჭოთა პერიოდიდან და ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ადვილად ასათვისებელია ეს კონსპირაციული თეორიები. ძალიან კარგად ჩანს ეს კონსპირაციული აზროვნება, როდესაც ლაპარაკობს თავის ფულსა და სანქციებზე. მე ძალიან კარგად მახსოვს დასაწყისში, როცა ეს ყველაფერი დაიწყო, მის ირგვლივ ვინც იყვნენ, ადვოკატები და ა.შ. ყველა ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ეს არ იყო ამერიკული სანქციები, რომ ასეთი კონსპირაცია და სანქციები უსანქციოდ არ წესდება, თან ამერიკისგან შვეიცარიულ ბანკზე - ვის აქვს დღეს გავლენა, არ ვიცი. მოკლედ, ივანიშვილი ჩაჯდა ამ კონსპირაციაში, რომ ყველა მას ებრძვის და დღეს უცებ გამოდის ამ კონსპირაციიდან და თურმე არაფერი ყოფილა და ყველაფერი დალაგდება, რადგან ფული დააბრუნეს. იგივე არის “გლობალური ომის პარტია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები