ამერიკის ელჩისთვის გაგზავნილი პასუხი "დამიფორვარდეს" - ასე უპასუხა პრეზიდენტმა კითხვას, როდის ჰქონდა ბოლო კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან.
სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ივანიშვილთან კომუნიკაციის ბოლო მცდელობა 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს ოფიციალური პოზიციის გამო გაჩენილმა კითხვებმა გადააწყვეტინა.
ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ინტერვიუში პრეზიდენტ ზურაბიშვილს ჰკითხა, მზად არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილთან კომუნიკაციისთვის.
„მე ბოლო კომუნიკაცია მქონდა 2022 წლის ივნისში, როცა ვთხოვე, რომ იმდენი რამე ხდება ჩემთვის ტოტალურად გაუგებარი, - თებერვალი გავიდა, სანქციების ამბავი და ა.შ., - რომ მე მჭირდება, თქვენგან მოვისმინო რა ხდება, თქვენი ახსნა მთელი ამ მოვლენებისა რა არის-მეთქი. პასუხი არ მიმიღია. მივიღე კოპიო პასუხისა, რაც გაგზავნილი იყო ამერიკის ელჩისათვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გაწვყვეტილია ყველანაირი კომუნიკაცია ივანიშვილთან.
„გაწყვიტა ყველანაირი კავშირი, კომუნიკაცია. ყოველთვის მზად ვარ, მოვუსმინო ყველას და საინტერესოა, რა შეიძლება დღეს უნდოდეს... ქვეყნის მშვიდობისთვის ყოველთვის არსებობს ისტორიაში, როცა ხელმძღვანელ პარტიას სჭირდება რაღაც გარანტიები, თუ რა მოხდება იმის შემდეგ, რაც აგებს“.
„სიმართლეს გეტყვით: მე მკითხეს, არის თუ არა საჭირო რაღაცა გარანტიების მიცემა [ივანიშვილისთვის]. მე პასუხი ამაზე არა მაქვს. მაგრამ თუ პასუხი იქნება, სადაც საჭიროა, იქ მივიტან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.