ერთ-ერთი უმსხვილესი აზერბაიჯანული ჰოლდინგის "პაშა ჰოლდინგის" წევრი "პაშა ბანკი საქართველო" 2024-2026 წლების სტრატეგიულ პერიოდში კორპორაციული ბიზნესის გაფართოებაზე იქნება ორიენტირებული - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში "პაშა ბანკი საქართველოს" საოპერაციო დირექტორი ანზორ მანწკავა საუბრობს.
"პაშა ბანკი" საქართველოში 11 წელია ოპერირებს. თავიდან ჰოლდინგი კორპორაციული ბანკის სახით შემოვიდა და შემდეგ შევიდა საცალო ბიზნესში. საბოლოოდ კი გადავწყვიტეთ, რომ ახალ სტრატეგიულ პერიოდში მხოლოდ კორპორაციულ კლიენტებზე ვკონცენტრირდეთ.
ვემსახურებით კორპორაციული კლიენტების თანამშრომლების. ძირითადი ამოცანა ისაა, რომ ბიზნესკლიენტებს მაქსიმალურად მარტივად და ეფექტურად მოვუგვაროთ არსებული პრობლემები. "პაშა ბანკში" დასაქმებული 200-ვე ადამიანის ამოცანა სწორედ ეს არის. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი კონცენტრაცია გვაქვს არჩეული, ერთ მიმართულებას ვემსახურებით, რაც მეტ მოქნილობასაც გვაძლევს.
შესაბამისად, საცალო ბიზნესში, 2026 წლის სტრატეგიულ პერიოდამდე, არ შევდივართ, ანუ მასობრივ საცალო დაკრედიტებას აღარ ვაპირებთ. გვექნება ისეთი პროდუქტები, რომლებიც კომპანიას და მის თანამშრომლებს სჭირდებათ მეტი კომფორტისთვის", - ამბობს მანწკავა.
"პაშა ბანკის" საოპერაციო დირექტორი აღნიშნავს, რომ ბანკი საშუალო და მსხვილ ბიზნესთან თანამშრომლობს, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ კომპანიებთან ურთიერთობაა, რომლებიც სამეზობლოშიც საქმიანობენ.
"ჩვენი ძირითადი კლიენტურა 10 მლნ ლარის ბრუნვის მქონე კომპანიებია, თუმცა არ გამოვრიცხავთ უფრო მცირე ან მეტ ბრუნვიან კომპანიებთან თანამშრომლობასაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებსაც იმავე რეგიონებში აქვთ საქმიანობა, სადაც "პაშა ბანკია" - თურქეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენ ამ ქვეყნებში ჩვენი კავშირები გვაქვს და კომპანიებისთვის კარგი სერვისების შეთავაზება შეგვიძლია, რაც ბიზნესკავშირების გაფართოებასაც შეუწყობს ხელს", - აღნიშნავს ანზორ მანწკავა.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ გარდა კორპორაციული მიმართულებისა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბანკისთვის პრიორიტეტი სერვისების კიდევ უფრო გაციფრულება იქნება.
"ძირითადი მიმართულება კვლავ იქნება პროცესების გამარტივება და გაციფრულება - არცერთ შემთხვევაში მომხმარებელს ჩვენთან მოსვლა არ უნდა უწევდეს, მაქსიმალურად უნდა განვვითარდეთ ისე, რომ ბანკინგის განხორციელება თავიანთი ოფისებიდან შეეძლოთ. ხოლო თუ ფიზიკური შეხვედრა მაინც საჭიროა, თავად მივალთ მომხმარებელთან", - ამბობს მანწკავა.
"პაშა ბანკი საქართველოს" საოპერაციო დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ სამომავლო გეგმებში რეგიონის უკეთ შესწავლა და თურქეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე ბანკის უპირატესობების გამოვლენაა, რაც "პაშა ბანკს", როგორც რეგიონალურ ფინანსურ უწყებას განავითარებს.