მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პასუხისმგებლობა თანაბრად ეკუთვნის სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორს" - დავითაშვილი Fitch-ის მიერ პერსპექტივის გაუარესებაზე

დავითაშვილი

"ქართული ოცნების" მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ გასულ წელს Fitch-ის მიერ საქართველოს პერსპექტივის გაუარესებაზე პასუხისმგებლობა თანაბარწილად ეკუთვნის სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორს.

უახლეს შეფასებაში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე, ხოლო პერსპექტივა "ნეგატიურზე" შეუნარჩუნა. ეს მას შემდეგ, რაც 2024 წლის ივნისში Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე", ხოლო დეკემბერში, გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, "ნეგატიურამდე" შეამცირა.

BMG-ის კითხვაზე, როგორც "ოცნების" მთავრობის წარმომადგენელი, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას პერსპექტივის გაუარესებაზე, რომელიც "რუსულ კანონს" და პოლიტიკურ არასტაბილურობას მოჰყვა, დავითაშვილი პასუხისმგებლობას "სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორს" აკისრებს და საბოტაჟზე საუბრობს.

მისივე თქმით, საქართველოს ობიექტურად უკეთესი რეიტინგი უნდა ჰქონდეს.

"მე მგონი ლოგიკა პირიქითაა, სხვანაირად უნდა ავაწყოთ, ანუ საკანონმდებლო ინიციატივის გამო კი არ შემცირდა [პერსპექტივა], გარკვეული პოლიტიკური გარემო ფაქტორების გამო შემცირდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აქ პასუხისმგებლობა თანაბარწილად ეკუთვნის სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორს და არა მხოლოდ ხელისუფლებას. ხელისუფლება თავის პასუხისმგებლობას ყოველთვის ადასტურებს, არასდროს გავურბივართ, თუმცა ასევე არ არსებობს ცალმხრივად პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის პოლიტიკურ ჯგუფებს ასევე გააჩნიათ ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით ეკონომიკური პროცესების მიმართ, საბოტაჟი და საბოტაჟის მცდელობა რა თქმა უნდა დამაზიანებელია. ეს პასუხისმგებლობა მკაფიოდ უნდა განისაზღვროს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუმცა ეს გრძელვადიან პერსპექტივაში საერთო სურათს ვერანაირად ვერ შეცვლის, ჩვენ გვექნება მდგრადი განვითარება იმიტომ, რომ ძირითადი ფუნდამენტური ფაქტორები საკმაოდ ჯანსაღია, საქართველოს ეკონომიკას გარკვეული მდგრადობა გააჩნია, ეს აღნიშნულია კიდევ რეიტინგებში. მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ექსპერტი საუბრობს, რომ საქართველოს დღეს უკეთესი რეიტინგი უნდა ჰქონდეს არსებული ეკონომიკური მონაცემებიდან გამომდინარე, თუმცა გარდა შიდა პოლიტიკური რისკებისა, ასევე არსებობს გარე, რეგიონული პოლიტიკური რისკები და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ასე რომ, ბევრი რამ დამოკიდებულია საერთაშორისო პროცესებზე. ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ სარეიტინგო კომპანიებთან უფრო მჭიდრო მუშაობით, უნდა შევძლოთ რეიტინგების გაუმჯობესება",- განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები