პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ, ასეთი ფაქტი არ უნდა მომხდარიყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ნიუ ჰოსპიტალსში“ განაცხადა, სადაც ვაკის პარკში დაშავებული მოზარდი მოინახულა.
აზარაშვილის თქმით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. ამასთან, მედიის წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრისგან დაინტერესდნენ, უნდა აიღოს თუ არა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მორალური პასუხისმგებლობა მომხდარზე:
„ფაქტი ძალიან სამწუხაროა. ძალიან ცუდი ფაქტია და პასუხისმგებლობას ამაზე მეც ვგრძნობ, ასეთი ფაქტი არ უნდა მომხდარიყო. ამ და სხვა პოლიტიკურ თემებზე დღეს არ გიპასუხებთ, ძალიან დამძიმებული ვარ ემოციურად, შიგნით ვიყავი და თვითონ ბავშვიც ვნახე“, - თქვა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. დაშავებულთაგან ერთი გუშინ გარდაიცვალა.




























