მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Payze უზბეკეთში შედის - 2022 წლის მიზანი ხუთი ქვეყნის მოცვაა

61ae18da11cc8
ვიქტორია მღებრიშვილი
06.12.21 19:27
1199
Payze 2022 წელს 5 ახალ ბაზარზე შესვლას გეგმავს. ამის შესახებ ონლაინ გადახდების პროვაიდერი კომპანია Payze-ს ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი კიკორიამ გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლები უზბეკეთში ლიცენზიის მოსაპოვებლადუკვე მუშაობენ. კომპანიის გეგმებში ყველა პოსტსაბჭშოთა ქვეყნის ბაზარზე შესვლაა.

„ამ დროისთვის კომპანია უზბეკეთში ლიცენზირების პროცესს ავითარებს, შესაბამისად კომპანია 2022 წლიდან ახალ ონლაინ გადახდების სერვისს უზბეკეთის ბაზარზეც გაიტანს. ჩვენი კომპანიის გეგმაა, რომ წარმოდგენილი ვიყოთ ყველა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანაში და შევქმნათ ერთიანი გადახდის სივრცე, რომელიც კომპანიებს განვითარების გეგმებს გაუმარტივებს. მაგალითისთვის, რომელიმე ქართულ კომპანიას უზბეკეთში თავისი ოპერაციების გაფართოება რომ მოუნდეს და ერთხელ მაინც იყოს რეგისტრირებული payze-სთან საქართველოში, იქ ერთი დღე დასჭირდება, რომ ლოკალურად გადახდების მიღება ბარათების მეშვეობით შეძლოს. თუ ამ პროცედურას Payze-ს საშუალებით არ გააკეთებენ, ადმინისტრაციული პროცესისა და ინტეგრაციისთვის რამდენიმე თვე დასჭირდებათ, ამით ვუმარტივებთ ცხოვრებას კომპანიებს.

რაც შეეხება ბიზნეს მოდელს, ყველა ქვეყანაში, სადაც შევდივართ, გადახდის პროვაიდერის ლიცენზიას ვიღებთ, შემდეგ კი ვეძებთ პარტნიორ ბანკებს, რათა ჩვენს მომხმარებელს გადახდები მივაღებინოთ“, - განმარტავს ირაკლი კიკორია.

Payze-ს ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უზბეკეთის შემდეგ კომპანია სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ინტეგრირებაზეც დაიწყებს მუშაობას.

„ჩვენს გეგმაშია, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში ასევე ყაზახეთსა და უკრაინაში შევიდეთ. მეორე კვარტალში კი სომხეთში, აზერბაიჯანსა და შემდგომ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ შევალთ ამ კონკრეტულ ბაზრებზე.

გაფართოების გეგმის მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალისთვის გვინდა, რომ 5 ახალ ბაზარზე ვიყოთ წარმოდგენილი და დაახლოებით 15 მლრდ დოლარის ელკომერციის ბაზრის მოცვაზე დავიწყოთ მუშაობა“, - აღნიშნა „საქმიანი დილის“ ეთერში ირაკლი კიკორიამ.

ცნობისთვის: ონლაინ გადახდების პროვაიდერი კომპანია Payze ნებისმიერი ზომის კომპანიას ონლაინ გადახდების სერვისის მიღებას სხვადასხვა ტიპის ბანკის ბარათების მეშვეობით სთავაზობს, რომლის ჩაშენება კომპანიებს საკუთარ ვებპლატფორმაზე მარტივი ფუნქციონალით შეუძლიათ. დღეისთვის კომპანია საქართველოში 320 კომპანიას ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები