მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პედაგოგებისთვის ხელფასები ზრდა, კერძო სკოლების 18%-მდე გაძვირებას გამოიწვევს“ - შავნაბადა

შავნაბადა

2024-2025 სასწავლო წლიდან კერძო სკოლებში სწავლა საშუალოდ 15-18%-ით გაძვირდება. როგორც საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა და გიმნაზია "შავნაბადას" დირექტორმა ავთანდილ აბდუშელიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ზრდის მიზეზი მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, 1 ივლისიდან საჯარო სკოლის პედაგოგების ანაზღაურება 500 ლარით გაიზრდება.

კერძო სკოლის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ თუკი კერძო სკოლებში დასაქმებული პედაგოგებისთვის ხელფასის ზრდა იგივე პრინციპით არ მოხდება, საჯარო სკოლებში გადინების მაჩვენებელი გაიზრდება.

„კერძო სკოლებში წლიდან წლამდე გადასახადი საშუალოდ 10%-ით ყოველთვის იზრდებოდა, თუმცა წელს საჯარო სკოლებში მასწავლებლებისთვის ხელფასების მატება იქნება ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ კერძო სკოლებმა თავიანთ ბიუჯეტს კიდევ ერთხელ გადახედონ და უფრო მეტით გაზარდონ სწავლის ღირებულება. არ გამოვრიცხავ რომ ეს ზრდა 15-18%-ის ფარგლებში იყოს.

მასწავლებელთა ხელფასების ზრდა მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია, თუმცა მეორე მხრივ ეს არის კერძო სკოლებისთვის გამოწვევა. 500-ლარიანი მატება საკმაოდ დიდი მატებაა. ჩემს სკოლაში 100 მასწავლებელი ასწავლის, წლიურ ჭრილში 600 000-ლარიან მატებაზეა საუბარი, ამის გარდა, უამრავი რამეა რაც ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარებისთვის არის საჭირო, ამიტომ სახელფასო ბიუჯეტი მსუყედ გვეზრდება. 10-12%-იანი მატებით უბრალოდ ვერ შევინარჩუნებთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა აბდუშელიშვილმა.

კითხვაზე - რამდენს უხდიან კერძო სკოლები დასაქმებულ პედაგოგებს, ასოციაციაში განმარტავენ, რომ ხელფასები სკოლის ტიპზეა დამოკიდებული.

„ქვეყანაში 210 კერძო სკოლაა, ყველასთან ინდივიდუალური მიდგომაა. ეს სკოლები იყოფიან სხვადასხვა კატეგორიებად, არის დაბალ შემოსავლიანი, სადაც წელიწადში ერთ მოსწავლეზე გადასახადი 2-იდან 8 ათას ლარამდეა, არის სკოლები, რომელიც 8-იდან 15 ათას ლარამდე ღირს და არის 15 000 ლარიდან ზემოთაც. იმ სკოლების რაოდენობა სადაც გადასახდელი 2 ათასიდან 8 ათას ლარამდეა უფრო დიდია ვიდრე სხვა დანარჩენი, ასეთია სკოლების დაახლოებით 70%. ამიტომაც სახელფასო პოლიტიკასაც შესაბამისად განისაზღვრება. „შავნაბადაში“ მკაცრად გაწერილია, რომ ხელფასი იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე საჯარო სკოლაშია, მაგრამ არის სკოლები, რომლებსაც ჩვენზე დაბალი შემოსავალი აქვთ. ასეთები არათუ საჯარო სკოლის მსგავსს ანაზღაურებას ვერ უხდიან, არამედ ხშირად თვიურად ვერ ახერხებენ დავალიანების დაფარვას. შეიძლება 10-11 თვე გადაიხადონ ერთად.

ამ ეტაპზე კერძო სკოლებში 6 079 პედაგოგი მუშაობს. ბევრს უჭირავს თვალი საჯაროში გადასვლაზე რამდენიმე მიზეზით. ერთი ეს არის ანაზღაურება და მეორე ნაკლები საქმე. წარმოუდგენლად მიმაჩნია რომ საჯაროდან კერძოში მოიხმო პედაგოგი. ღიად ვამბობ, ბევრი ასეთი მცდელობა გვქონდა, მაგრამ ამბობენ, რომ იქ ნაკლები სტრესია, ნაკლები დატვირთვაა, ნაკლები პასუხისმგებლობაა. მშობლების მხრიდან ნაკლები აქტივობაა სასწავლო პროცესის მიმართ და ეს გარკვეული კომფორტს უქმნით მათ. ამიტომ თუ იქ ხელფასები გაიზრდება, კერძო სკოლებშიც გაიზრდება, თუმცა მეორე საკითხიც დგება აქ, რამდენად პირდაპირ კავშირშია ეს სწავლების ხარისხის ზრდასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხია“, - განაცხადა ავთანდილ აბდუშელიშვილმა.

ინფორმაციისთვის, წელს მასწავლებლების ხელფასი საშუალოდ 500 ლარით მოიმატებს. როგორც წლის მიწურულს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, მიმდინარეობს ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება და მის ფარგლებში ბოლო წლების განმავლობაში, მასწავლებელთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება. დაახლოებით 35%-იანი მატება შეეხებათ სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგებს, რაც საშუალოდ 500 ლარი და მეტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები