განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ პედაგოგები ინფორმირებულები იყვნენ იმის შესახებ, რომ მათი სახელფასო ანაზღაურება 2026 წლიდან ვერ გაიზრდებოდა. ამის შესახებ მან „საზოგადოებრივი მაუწყებელში“ სტუმრობისას ზოგადი განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა ისიც თქვა, რომ ხელფასების ზრდა გარკვეულ სქემასთან უნდა იყოს დაკავშირებული, რომელიც უპასუხებს მასწავლებელთა ინტერესებს - დაფასებული იყოს ეს პროფესია და სახელმწიფოს არსებულ რესურსებს. მისი ინფორმაციით, ეს სქემა შესამუშავებელია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სქემებს განიხილავს უწყება.
„გასულ წელს პედაგოგების ხელფასები მნიშვნელოვნად - 30-35%-ით გაიზარდა. პედაგოგები წინასწარ ინფორმირებულები იყვნენ და იცოდნენ, რომ 2026 წლის საბიუჯეტო მოცემულობაში შემდგომი ზრდა ვერ იქნებოდა გათვალისწინებული.
თუმცა კონცეფციის პრეზენტაციისას მე გავაჟღერე და ეს მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გარკვეულ სქემასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეს სქემა შესამუშავებელია. ამ რეფორმის ფარგლებში ისეთი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ კონკრეტული ხედვა ჩამოვაყალიბოთ შემდეგი წლების მიხედვით, როგორ მოხდება სახელფასო ზრდა, რაც უნდა უზრუნველყოფდეს იმ საქმიანობას და უდიდეს გმირობას, რასაც ისინი ეწევიან.
სწორედ მათი საუკეთესო ინტერესებიდან და სახელმწიფოს არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ ხედვის ფარგლებში ის ოქროს შუალედი უნდა მოვძებნოთ, რომელიც ორივე კომპონენტის გათვალისწინებით, შემდეგი წლების ფორმატში, გარკვეული წინსვლის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა მინისტრმა.
მასწავლებელთა კარიერული წინსვლის გეგმა, რომელიც განათლების სამინისტროს 2025 წლის ზაფხულში საზოგადოებისთვის უნდა წარედგინა, 2026 წლის იანვარში დამტკიცდება. ამის შესახებ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის წარდგენისას, 2 დეკემბერს განაცხადა გივი მიქანაძემ.
მასწავლებლების მოზიდვა, გადამზადება, დასაქმება, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის გეგმის დამტკიცება, შრომის ანაზღაურების მზარდ კომპონენტზე ზრუნვა - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებიც გივი მიქანაძის თქმით, განათლების სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების რეფორმის მეხუთე ამოცანაში ერთიანდება.
ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ მომდევნო წელს სკოლის პედაგოგთა ანაზღაურება არ გაიზრდება. გიორგი კაკაურიძის თქმით, პედაგოგთა ანაზღაურებები გასულ წელს 30-35%-ის ფარგლებში გაიზარდა, რის გამოც მომდევნო წელს ანაზღაურებების გადახედვა არ იგეგმება. თუმცა მისივე ინფორმაციით, მოიმატებს სკოლების ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასები.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა კარიერული წინსვლისთვის, გასულ წლებში შესაბამისი გამოცდები ტარდებოდა, ხოლო შემდგომ სტატუსის ამაღლებისთვის მასწავლებელი თავის პორტფოლიოს სპეციალური კომისიის წინაშე წარადგენდა, რომელიც მისი სტატუსის გაზრდის გადაწყვეტილებას იღებდა. ეს პროცესი უკვე მეორე წელია შეჩერებულია.
აღსანიშნავია, რომ სულ სამი სტატუსი არსებობს: უფროსი, წამყვანი და მენტორი. თითოეულის შემთხვევაში ხელფასებიც განსხვავებულია. თუმცა გასული წლის ზაფხულში, განათლების მაშინდელი მინისტრის გიორგი ამილახვრის ხელმძღვანელობით მასწავლებლების ხელფასების გაანგარიშების ახალი ფორმულა შემუშავდა, რომლის შედეგადაც წამყვანის ფუნქციური დანამატი - 150 ლარი, ხოლო მენტორის ფუნქციური დანამატი - 300 ლარი გახდა.
მასწავლებელთა ხელფასის ახალ ფორმულას მაშინვე ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელფასის მატება ყველაზე ნაკლებად მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებლებს შეეხოთ. როგორც განათლების სპეციალისტმა, შალვა ტაბატაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მასწავლებელთა ხელფასების მომატების სქემით სახელმწიფომ წინასაარჩევნოდ გათვლა გააკეთა უფრო მეტ მასწავლებელზე და მათი კმაყოფილების ხარისხზე.




























