საქართველოს პარლამენტმა პენიტენციური კოდექსი მიიღო, რომლის მიხედვითაც ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა უფლებების დაცვის სტანდარტი გაუმჯობესდება, როგორ შეიცვალა პენიტენციური კოდექსი და რა სიკეთეები შეეხებათ პატიმრებს ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო პენიტენციური კოდექსი, რომელიც, თავის მხრივ, უნიკალური და თანამშრომლობის საკმაოდ კარგი შედეგია. მოგახსენებთ, რომ პენიტენციური კოდექსის შემუშავებაში ჩართული იყო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ის სახალხო დამცველის ოფისი, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ისტორიის მანძილზე, კანონმდებლობა პენიტენციურ სისტემაში ერთ-ერთი საუკეთესოა", - ამბობს რატი ბრეგაძე.
იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ ახალი პენიტენციური კოდექსის მიხედვით, ბრალდებულს ხანგრძლივი პაემნის უფლება მიენიჭება, რომელიც სრულიად უფასო იქნება, ამასთან, უმაღლესი განათლების მიღების უფლება ექნება ყველა მსჯავრდადებულს.
"ახალი პენიტენციური კოდექსის მიხედვით, იზრდება ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა უფლებების დაცვის სტანდარტი და უმჯობესდება საამაყო თანამშრომლობის სოციალური დაცვის გარანტიები, მაგალითისთვის: ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, პაემნები ოჯახის წევრებთან იქნება სრულიად უფასო, აღნიშნულ ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. ასევე, თანაბრდება ბრალდებულისა და მსჯავრდადებულის პირობები, კერძოდ, ორივესთვის სავალდებულო იქნება მინიმუმ 4კვ/მ-ს განსაზღვრა, ამასთან, უმაღლესი განათლების უფლება ექნება ყველა მსჯავრდადებულს. გარდა ამისა, ახალი ცვლილებების თანახმად, ქალი პატიმრების განთავსება უკვე შესაძლებელი იქნება გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულებებში, რაც აქამდე არ იყო შესაძლებელი და სხვა, მთელი რიგი სხვა უფლებრივი სიკეთეები შეეხებათ პატიმრებს აღნიშნული პენიტენციურ კოდექსის ფარგლებში", - დასძინა მან.