მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები იზრდება

635fd7d83e460
BM.GE
31.10.22 21:00
405
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში ამ საკითხებზე გამოძიებას, საქართველოს პროკურატურის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური წარმართავს.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აღნიშნულ სამსახურს შეეხება, არის კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით ქვემდებარეობის გაფართოება, თუ ეს მუხლები ეხება უფლებამოსილების გადამეტებას, ბოროტად გამოყენებას და თუ ეს მუხლები გამოვლენილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში.

ცვლილებების თანახმად, გაიზრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები.

კანონპროექტი ყველა თანამშრომლისთვის, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა, სპეციალური წოდების მინიჭების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო პაკეტი, ასევე, ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანას, რომლითაც განისაზღვრება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოთხოვნისთანავე მოსმენის ფარგლებში აღნიშნული სამსახურის უფროსები კომიტეტს წარუდგენენ ინფორმაციას სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების თაობაზე და მოსაზრებებს აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

„მომზადებულია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც, ერთი მხრივ, სრულად უზრუნველყოფს 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისი პუნქტის შესრულებას და მეორე მხრივ, ეს ცვლილებები შემდგომში ორივე სამსახურს ინსტიტუციურად კიდევ უფრო გააძლიერებს “, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.