მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Phubber-ი საერთაშორისო ბაზარზე გადის - 0.5 მლნ ლარის ინვესტიცია და კომპანიის გეგმები

5e661392d53dd
ვიქტორია მღებრიშვილი
09.03.20 14:40
3345
ქართული პლატფორმა „Phubber”-ი, რომელიც ქართველ მომხმარებელს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების ონლაინ ყიდვა-გაყიდვას 11 თვეა, რაც სთავაზობს, ივნისისთვის საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი ამბობს, ამ ეტაპისთვის გარკვეული არ არის ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ინტეგრირებისას პირველი იქნება.

„თავიდანვე, „ფაბერის“ იდეა როდესაც გაჩნდა, გვქონდა მიზანი, რომ ის საერთაშორისო პლატფორმა გამხდარიყო. ამ დროისთვის 4 ქვეყანაა, რომელსაც "ფაბერის" პოტენციურ ბაზრად განვიხილავთ და ვარჩევთ, სად გავალთ პირველად. ზოგიერთი ბაზარი შედარებით დიდია, ზოგს მეტი ინვესტიციის განხორციელება სჭირდება, ზოგი შედარებით პატარაა და უფრო მარტივად შეიძლება გაფართოება, ამიტომ ახლა ჩვენს პოტენციურ ინვესტორებთან ერთად შერჩევის პროცესში ვართ. ერთ-ერთი ქვეყანა უკრაინაა - ის პოტენციური და ძალიან საინტერესო ბაზარია ჩვენთვის და ადრე თუ გვიან აუცილებლად გავალთ იქაც, თუმცა პირველი იქნება თუ - არა, ამას ჯერ ვერ ვიტყვით. ჩვენ ივნისისთვის პოტენციური ბაზრებიდან ერთ-ერთს შევარჩევთ“, - ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.

„ფაბერის“ თანადამფუძნებელის ინფორმაციითვე, წლის განმავლობაში კომპანია 3 ბაზარზე ინტეგრირებას შეძლებს. მისი თქმით, 4 ქვეყანაში „ფაბერის“ გააქტიურება, დაახლოებით, 500 000 ლარის ინვესტიციას საჭიროებს და ამისთვის კომპანიას შეთავაზებები, როგორც - ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორებისგან აქვს.

„რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, ვფიქრობთ, მიმდინარე წელს, ყოველ კვარტალში ერთ ბაზარს ავითვისებთ. ოთხი ქვეყნის მიმართულებით გაფართოებისთვის ჯამში სავარაუდოდ, 500 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ჩვენ საინვესტიციო რაუნდს ალბათ მაისში დავხურავთ და გადავწყვეტთ ინვესტორების მხრიდან რომელი შეთავაზება იქნება კარგი. გვაქვს რამდენიმე შეთავაზება ამერიკიდან, ევროპელი ინვესტორების მხრიდან და ასევე ქართველი ინვესტორებისგანაც“, - განმარტავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ბაზრების შერჩევის მეთოდიკაზე საუბრისას, გიორგი ჩუგოშვილი ამბობს, რომ პრიორიტეტი ნაკლებადკონკურენტულ ბაზრებზე აქვთ გაკეთებული.

„ძირითად აქცენტს ისეთ ბაზრებზე ვაკეთებთ, სადაც არ არის ანალოგიური მოთამაშე ან არის და სრულად არ აქვს ათვისებული ბაზარი ან ნაწილობრივ სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს.

„ფაბერის“ მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ ის არ არის მხოლოდ მობილური აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მყიდველსა და გამყიდველს. „ფაბერის“ აპლიკაციის მიღმა არის მდგრადი ბიზნეს მოდელი, რომელიც მიტანის, შეფუთვის, ხარისხის კონტროლის, მარკეტინგის და გადახდების სისტემების და სხვა სერვისებს, რომელიც უნიკალურს ხდის "ფაბერს" კონკურენტებთან მიმართებაში, ვინც რეგიონში ფუნქციონირებენ. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი რომ იმ ბაზრებზეც კი, სადაც კონკურენტი გვყავს, დიდ სიახლეს შევიტანთ“, - აღნიშნა გიორგი ჩუგოშვილმა.

კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციითვე, დღეისთვის, „ფაბერის“ ადგილობრივ პლატფორმაზე რეგისტრირებულია 46 ათასზე მეტი მომხმარებელი. განთავსებული ნივთების რაოდენობა 55 000 ნივთს აღემატება, რაც 10 მლნ ლარის ღირებულებისაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები