დედის დღე განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელიც დედობრივი სიყვარულის ყველა ფორმას ეძღვნება. დღის აღნიშვნის ერთ-ერთი გზა ხელოვნებაა, საუკუნეების განმავლობაში ხელოვანები ამ თემას ადამიანური ურთიერთობების, ემოციებისა და ცხოვრების არსის გამოსაკვლევად იყენებდნენ.
რბილი, ფერადი ილუსტრაციებიდან დაწყებული საკულტო შედევრებით დამთავრებული, დედობისადმი მიძღვნილი ხელოვნების ნიმუშები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ემოციები, რომლებსაც ისინი ასახავენ.
გადავხედოთ დედებისა და დედობის ამსახველ რამდენიმე ხელოვნების ნიმუშს, რომლებმაც სააუქციონო რეკორდები დაამყარეს.

პაბლო პიკასო ($24.8 მილიონი): Maternité (1901)
პიკასოს ნახატი Maternité "დედობა" (1901) დედასა და შვილს ასახავს და ხშირად განიმარტება, როგორც ნაზი, სერენული სცენა, რომელიც ზოგჯერ ღვთისმშობელს მოგვაგონებს, თუმცა ის მეგობრის გარდაცვალების შემდეგ, პიკასოსთვის ემოციური მღელვარების პერიოდში შეიქმნა.
აუქციონისას ნახატი სააუქციონო სახლმა აღწერა, როგორც "დედობრივი სიყვარულის გრანდიოზული, ნაზი, მაგრამ არა სენტიმენტალური დასტური”.
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში პიკასო არაერთხელ დაუბრუნდა დედობის თემას და დროთა განმავლობაში მისი ინტერპრეტაციაც შეიცვალა: სითბოდან და ბედნიერებიდან დაწყებული, სევდით, სიღარიბითა და შვილის დაკარგვის აგონიით დამთავრებული, როგორც ეს მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარში, "გერნიკაშია" ასახული. "დედობა" (1901) პიკასოს ყველაზე ადრეულ "ლურჯ პერიოდს" (1901–1904) მიეკუთვნება. ამ პერიოდის ნახატებზე დედის ფიგურა სევდას, მელანქოლიასა და სიღარიბეს გამოხატავს. დედის, როგორც სიცოცხლის მომცემის ფიგურა, პარადოქსულადაა მოთავსებული ბნელ, მუქ ლურჯ-ნაცრისფერ კონტექსტში, რომელიც სიკვდილის, ავადმყოფობისა და ტანჯვის ასოციაციებს იწვევს.
1988 წელს Christie’s-ის აუქციონზე ნახატი 24,8 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც დღევანდელ 68 მილიონ დოლარს უდრის, რითაც 20-ე საუკუნის ხელოვნების ნიმუშის სააუქციონო რეკორდი დაამყარა, და იმ დროისთვის აუქციონზე გაყიდულ მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი გახდა.

ლუიზ ბურჟუა ($32.8 მილიონი): ობობა (1996)
ლუიზ ბურჟუას "ობობა" (1996) — მისი საკულტო გიგანტური ობობა — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, რომელიც 2023 წლის 18 მაისს ნიუ-იორკში, Sotheby’s აუქციონზე, 32,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ბურჟუა ობობის თემას მრავალწლიანი კარიერის ბოლოს, უკვე ოთხმოც წელს გადაცილებული დაუბრუნდა და ობობის არაერთი გამოსახულება შექმნა. მისმა ობობებმა ზედიზედ სამჯერ მოხსნა ქალი ხელოვანის ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევრის რეკორდი. ეს რეკორდი ბურჟუას ობობამ პირველად 2006 წელს მოხსნა, როდესაც მისი ერთ-ერთი სკულპტურა ლონდონში, Christie’s-ის აუქციონზე 4 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ბურჟუა საჯაროდ აღიარებდა, რომ ობობის ფიგურა მისი დედის, ჟოზეფინას ოდა იყო — ქალისა, რომელიც პარიზის გარეუბნში, ტექსტილის სახელოსნოში გობელენის რესტავრატორად მუშაობდა. ბურჟუამ დედა 21 წლის ასაკში დაკარგა, რის შედეგადაც ღრმა ემოციური კრიზისი გადაიტანა და სიცოცხლის დასრულებაც კი სცადა მდინარეში გადახტომით. როგორც თავად აღწერდა: "ჩემი საუკეთესო მეგობარი დედაჩემი იყო, რომელიც იყო გონიერი, ჭკვიანი, მომთმენი, დამამშვიდებელი, გონივრულად მოაზროვნე, მოხდენილი, დახვეწილი, შეუცვლელი, აკურატული, ობობასავით".
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გაყიდული ბურჟუას ყველა რეკორდული ნამუშევარი ობობის გამოსახულებას წარმოადგენს, რომელთაგან ბოლო სამი 2015, 2019 და 2023 წლებში გაიყიდა.

ჰენრი მური (£5.0 მილიონი): "დედა და ბავშვი ვაშლით" (Mother And Child With Apple) (1956)
დედისა და ბავშვის თემა ჰენრი მურის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მუდმივია. მოქანდაკე არაერთხელ დაუბრუნდა დედა შვილის თემას 1920-იანი წლების დასაწყისიდან 1980-იან წლებამდე და შექმნა ათასობით ნამუშევარი ქვაში, ბრინჯაოსა და ფერწერაში.
სკულპტურაში "დედა და ბავშვი ვაშლით" (1956), დედა ძლიერებისა და სიმტკიცის გამოსახულებაა და მშვიდად იცავს თავის შვილს, რომელიც დედის კალთაში მჯდომი, ვაშლით თამაშობს. ეს სცენა ნაზ და ყოველდღიურ ადამიანურ კავშირს ასახავს. "დედა და ბავშვი ვაშლით" , რომელიც 10-ეგზემპლარიანი ლიმიტირებული სერიის ნაწილია, 2014 წლის თებერვალში Christie’s-ის აუქციონზე 5 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, რითაც მხატვრის ამ თემაზე შესრულებული ნამუშევრის რეკორდი დაამყარა.
მურის გატაცება ნაწილობრივ შთაგონებული იყო პრეისტორიული და არადასავლური ხელოვნებით. მასზე დიდ გავლენას ახდენდა ნეოლითური ფიგურები, აფრიკული სკულპტურა და მექსიკური მონუმენტები, სადაც დედა-შვილის გამოსახულებები ხშირად განასახიერებდა ნაყოფიერებას, სიცოცხლესა და ზრუნვას.

Salvador Dalí ($807,408, Record in 1982): Ma Mere (დედაჩემი)
სალვადორ დალი სიურრეალიზმის, მე-20 საუკუნის ავანგარდული მოძრაობის, სიმბოლო იყო. დალის ფანტასტიკური გრავიურები, ნახატები, სკულპტურები, ფილმები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ფსიქოანალიზის იდეებზე დაყრდნობით დალი ფანტასტიკურ არსებებსა და პეიზაჟებს ქმნიდა.
დალის დედა 1921 წელს გარდაიცვალა, როდესაც დალი სულ რაღაც 17 წლის იყო. დალიმ მოგვიანებით თქვა, რომ მისი გარდაცვალება იყო "ყველაზე დიდი დარტყმა, რაც კი ოდესმე მიმიღია". დალი მთელი ცხოვრება დედის დაკარგვას განიცდიდა, რაც ნახატში Ma Mere აშკარაა არა მხოლოდ სათაურიდან, არამედ ნახატის ცენტრალურ ფიგურაზე - კლდეზე განმეორებული სიტყვებიდან "ma mère"(ფრანგულად " დედაჩემი”). ნახატზე ორი კლდოვანი მასა გადაბმულია, რაც მიუთითებს დალის მიჯაჭვულობაზე დედასთან და სურვილზე, კვლავ შეხვდეს მას. დალის კლდე დაფარულია ჭიანჭველებით, რომლებიც სიკვდილსა და ხრწნას განასახიერებენ, რაც, შესაძლოა, მიუთითებდეს დალის მიერ საკუთარი სიკვდილის გაცნობიერებაზე, განსაკუთრებით დედის სიკვდილთან მიმართებაში.
თავად დალი ნახატს მიიჩნევდა როგორც თავისი 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრიდან ერთ-ერთს. ნახატი ბოლოს 1982 წელს ლონდონში, Christie’s-ის აუქციონზე 816,480 დოლარად გაიყიდა, რაც დღევანდელ 2.7 მილიონ დოლარს უდრის. გაყიდვის დროს, ნამუშევარმა დაამყარა რეკორდი, როგორც აუქციონზე გაყიდული ცოცხალი ხელოვანის ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი.




























