"განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არამხოლოდ „ქართული ოცნება“ დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ, ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის, ქვეყნის სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების რეალური საფრთხე", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში აღნიშნავს.
მისი თქმით, მუდმივმა სიფხიზლემ მიიყვანა იქამდე, რომ ყველა მოღალატე ამხილეს.
"რა თქმა უნდა, განვლილ 13 წელიწადში იყო შეცდომებიც, თუმცა, საბედნიეროდ, არა იმ ხარისხის, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუქრებოდა, არა იმ ხარისხის, რომლის გამოსწორება და აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა.
პირადად ჩემთვის, უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არამხოლოდ „ქართული ოცნება“ დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ, ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის, ქვეყნის სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების რეალური საფრთხე. წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისთვის ზრუნვას, მათთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო, შესაბამისად, გუნდისა და ქვეყნის ინტერესების გვერდით გადადებაც ღირდა, თუმცა, ჩვენ ამასაც გავუძელით! ამ პროცესში, ისე, როგორც 2011 წლიდან მოყოლებული, ქართული საზოგადოების, ჩვენი ბრძენი ხალხის გვერდში დგომა მაძლევდა და გვაძლევდა ბრძოლის შემართებას, გვიმყარებდა რწმენას, რომ ყველა სირთულის გადალახვა შეგვეძლო.
და მართლაც, სწორედ მუდმივმა სიფხიზლემ, სიმართლის მხარეს დგომამ და სუვერენიტეტის გამყარებაზე გამუდმებულმა ზრუნვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ყველა მოღალატე ვამხილეთ, შიდა მტრებს ვაიძულეთ, ეღიარებინათ, რომ მათ ქმედებას არა ეროვნული, არამედ, გარე ინტერესი უდევს საფუძვლად. მეგობრისა და პარტნიორის ნიღაბს ამოფარებულ კონკრეტულ უცხო ძალებს ღიად მოუწიათ ეღიარებინათ, რომ ჩვენგან მათი ინტერესების მორჩილებას მოითხოვენ!
სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ გაიზარდა ზეწოლა და შანტაჟი, რომელმაც სხვადასხვა ფორმა მიიღო. ბუნებრივია,გარე გამოწვევების, რეგიონში მიმდინარე დამანგრეველი ომების ფონზე, ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმები უფრო და უფრო ხშირდება და კიდევ უფრო მძაფრი ხდება, თუმცა, კონკრეტულ ძალებს უწევთ, რომ ეს არა შიდა მტრების, როგორც ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ, არამედ გარე მტრების ხელით გააკეთონ", - წერია ივანიშვილის განცხადებაში.
ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნების" მიერ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში "ოცნების" 13 წელია შეფასებული. ვრცელ განცხადებაში ივანიშვილი არ ახსენებს არც ევროკავშირთან შეჩერებულ ინტეგრაციას და არც აშშ-თან გაწყვეტილ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც მმართველი პარტიის ანტიდასავლურ პოლიტიკას და ანტიდემოკრატიულ კანონებს მოჰყვა და აღნიშნავს, რომ ბოლო 13 წელიწადში შეცდომები დაუშვიათ, მაგრამ "არა იმ ხარისხის", რომ სახელმწიფოებრიობას საფრთხე დამუქრებოდა.




























