მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირადი ბანკირი - ფინანსური მრჩეველი საქართველოში - ლუკა მიმინოშვილის ბლოგი

60fdaaf5f2dbe
ლუკა მიმინოშვილი
25.07.21 22:06
3938
ფინანსური ქცევები

ქცევების ჩამოყალიბება მარტივი არ არის, მარტივი არც მისი ცვლილებაა, ამას გააზრება და სისტემური მიდგომა სჭირდება.

ჩვენს ცხოვრებაში ქცევებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური ქცევებია. ფინანსურ ნაწილში ადამიანთა ქცევა ძირითადად კონკრეტული მომსახურებისა თუ პროდუქტის შეძენის სურვილსა ან საჭიროებაზე გადის.

არის შემთხვევები როცა რაღაც ძალიან მოგვწონს, თუმცა მისი შეძენა დღევანდელი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით სარგებელზე მეტად ზიანის მომტანი შეიძლება იყოს. ამ დროს ვცდილობთ საკუთარი თავიც დავაჯეროთ იმაში რომ ეს კონკრეტული მხოლოდ ჩვენი სურვილი კი არა, არამედ რეალური საჭიროებაა. ამ კონკრეტულ სერვისსა თუ პროდუქტს იმიტომ კი არ ვყიდულობთ მხოლოდ რომ მოგვწონს, არამედ იმიტომ რომ გვჭირდება.

გარდა ხარჯვითი ნაწილისა და მისი შემცირებისა, არის შემთხვევები როცა ვახერხებთ დაზოგვას, შემდეგ კი აღნიშნული დანაზოგის სწორად ინვესტირება გვსურს, თუმცა უბრალოდ ვერ ვახერხებთ. ამ და სხვა შემთხვევებისათვის რომელიც ფინანსურ ოპერაციებს შეეხება არსებობს ფინანსური მრჩეველი (პირადი ბანკირი).

ვინ არის და რისთვის არის ფინანსური მრჩეველი საჭირო?

ქვეყანაში, სადაც ზოგად განათლებასთან ერთად ფინანსური განათლების დონეც საკმაოდ დაბალია ფინანსური მრჩევლის არსებობა ყოველი ინდივიდის ცხოვრებაში მართლაც მნიშვნელოვანია. მსოფლიო პრაქტიკიდან და ამერიკაში არსებული იპოთეკური ბაზრის კრიზისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებიდან გამომდინარე, როგორც წესი მრჩეველი გაურკვეველი ფინანსური მდგომარეობის დროს მეტად მოთხოვნადი ხდება ხოლმე, ასე უნდა მომხდარიყო ქართულ რეალობაშიც, თუმცა განსხვავებით სხვა სტაბილური ქვეყნებისაგან საქართველოში ხო სულ გაურკვევლობაა, ასე რომ საქართველოს მოსახლეობა შეჩვეული იყო პირადი გამოცდილებით გამკლავებოდნენ არასტაბილურ გარემოს და პანდემიის ფონზე ფინანსური მრჩევლის მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდა სტანდარტულ ყოველწლიურ მაჩვენებელს არ გაცდენია.

პირადი ბანკირი იგივე ფინანსური მრჩეველია. პროფესიონალი რომელიც არსებული მონაცემების დამუშავებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გვანახებს სურათსა და ალტერნატივებს, რომელიც ფინანსურ რჩევებსა და მომსახურებებს უწევს კლიენტებს მათი კონკრეტული საჭიროებების შესაბამისად. პერსონალურ ფინანსურ მრჩეველებს აქვთ გამოცდილება, რათა მომხმარებელს მიაწოდონ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები, თავიდან აიცილონ ძვირადღირებული შეცდომები და შეამცირონ რისკები, ასევე შესთავაზონ მომსახურებისა და პროდუქტების კომპლექტი, რომლებიც შეესაბამება კლიენტების ამჟამინდელ და სამომავლო მიზნებს.

აქ ცხადია, მნიშვნელოვანია, ფინანსური მრჩევლის ეკონომიკური და ფინანსური განათლება, რაც საბოლოო ჯამში კვალიფიკაციას ნიშნავს, არჩევისას დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ მის სამუშაო გამოცდილებასა და მასზე გაცემულ რეკომენდაციებს. საცალო მიმართულების პრემიუმ სეგმენტში ფინანსური მრჩევლები იგივე პირადი ბანკირები, გარდა სტანდარტული საბანკო პროდუქტებისა, კლიენტებს სთავაზობენ ისეთი ტიპის საინვესტიციო პროდუქტებსაც კი, როგორიც ობლიგაციებია, სავალო ფასიან ქაღალდში ინვეტირება კი სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს. მაგალითად, აშშ-ში ფინანსური მრჩევლები, რომლებიც მსგავსი ტიპის საინვესტიციო პროდუქტებზე მუშაობენ, ფლობენ FINRA-ს (ფინანსური ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანო) Series 7 ლიცენზიას. საქართველოში მიუხედავად მსგავსი პროდუქტების შეთავაზებისა, არანაირი ლიცენზია ან სპეციალური განათლება არ მოითხოვება, იმ შემთხვევაში თუ საბანკო პროდუქტებში ბანკირების ცოდნა მართლაც სრულყოფილია, სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ნაწილში ასე არ არის, რაც ისედაც დაბალი დონის ფინანსური განათლების პირობებში ნაკლებ სანდოობას აჩენს მსგავსი პროდუქტების და მომსახურების შეთავაზებისას.

ცხადია როგორც ყველა პროდუქტსა თუ მომსახურებას მათ შორის საბანკო სექტორში არსებულ სერვისსაც აქვს გარკვეული ნაკლოვანებები, აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ფინანსური მრჩეველი და მისი რჩევა მაქსიმალურად ობიექტური უნდა იყოს, ის კონკრეტული ფაქტების ანალიზსა და კლიენტის საჭიროებას უნდა ერგებოდეს და მის უკან სხვა მოლოდინი არ უნდა არსებობდეს, თუმცა ბანკირთა მოვალეობებიდან გამომდინარე ამ ბალანსის დაცვა შესაძლოა გართულდეს, რადგან ისინი გაყიდვების ჯგუფს წარმოადგენენ.

მიუხედავად ამ საფეხურზე არსებული პრობლემებისა იქნება ეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არქონა თუ ბანკირთა გაყიდვების ჯგუფის წევრობა, მომხმარებელთა 90% კმაყოფილია მიღებული მომსახურებითა და სერვისით, ეს ბანკების მიერ გაცხადებული კვლევების შედეგებია. აქ კი ჩნდება დამატებითი კითხვა:

• რამდენად იზომება და ითვლება თუ რა გავლენას ახდენს პირადი ბანკირების რჩევა მომხმარებელთა გადაწყვეტილებაზე ?
• რამდენად კმაყოფილნი არიან მომხმარებელნი იმ ანალიტიკით რასაც პირადი ბანკირები მათ სთავაზობენ ?

რა არის რეალურად კლიენტის კმაყოფილების მიზეზი?

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში მიუხედავად მიმართულებისა (საცალო თუ ბიზნეს), მნიშვნელოვანია ნდობა, ნდობა კი წარსული გამოცდილების, შეთავაზებული მომსახურების და დამოკიდებულების შედეგია. McKinsey & Company-ს მიერ ჩატარებული საერთაშორისო კვლევის მიხედვით, აღნიშნული ნდობა 2008 წლის კრიზისის შემდეგ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, შედეგად 2020 წლის ეკონომიკური სტაგნაციისას მნიშვნელოვნად შემცირდა კლიენტთა გადადინებები რაც 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის ფონზე ჩვეულებრივ სურათად იყო მიჩნეული. ბანკებმა კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე დაიწყეს ფიქრი, რაც გარდა პერსონალური მომსახურებისა, დიდწილად საოპერაციო მომსახურების დახვეწასა და ინდივიდუალური ტარიფების შეთავაზებაში გამოიხატა. ზოგადად თუ მიჩვეული ვართ რაღაც სერვისს მისი ცვლილების სურვილი არც ჩვენ - მომხმარებლებს გვიჩნდება ხოლმე, მით უფრო თუ გვახსოვს წარსულში არსებული პოზიტიური ეფექტი და ვამჩნევთ რომ შემოთავაზებული სერვისი დახვეწისკენ არის მიმართული. რადგან კვალიფიკაციას და სწავლა-განათლებას შევეხე, აქვე ვიტყვი რომ ფინანსური მრჩევლის ერთ-ერთი მიმართულება სწავლებაც არის. მრჩეველის ამოცანის ნაწილია დაგვეხმაროს გავიგოთ რა არის ჩვენი სამომავლო მიზნების შესრულებისათვის საჭირო. ურთიერთობის დასაწყისში თემები შეიძლება მოიცავდეს ბიუჯეტირებასა და დაზოგვას. ცოდნის გაღრმავებისთანავე, მრჩეველი უნდა დაგვეხმაროს რთული საკითხების ანალიზსა და გაგებაში.

თუ პოზიციის აღწერამ დაგაინტერესათ, მაგრამ ნაკლოვანებებმა დაგაფიქრათ, „გჭირდებათ თუ არა ეს მომსახურება ?“ გეტყვით რომ საბანკო სექტორი საქართველოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სექტორია, ამ მოცემულობიდან გამომდინარე კი მჯერა სექტორი მალევე მოახერხებს აღნიშნული პრობლემური წერტილების აღმოფხვრას, თუ აღნიშნული ლოგიკა საკმარისი არ არის, მაშინ რამდენიმე კითხვას დავსვამ:

• თქვენ გაწერილი გაქვთ ოჯახის ბიუჯეტი?
• რამდენი ადამიანი იცით თქვენს ირგვლივ რომელიც თვეში 1,2,3 ან საერთოდ 24 საათს უთმობს ბიუჯეტირებას? (თვეში)
• მაშინ როცა იცით ყოველთვიური შემოსავლის მოცულობა რამდენად გყოფნით ის ყოველთვიური ხარჯების დასაფარად?
• გაქვთ დანაზოგი ? (მიუხედავად საქართველოში არსებული საშუალო შემოსავლის მოცულობისა)
• მზად ხართ რაიმე ტიპის გაუთვალისწინებელი ხარჯისათვის ?
• დანაზოგის ქონის შემთხვევაში, ინვესტირებაზე თუ გიფიქრიათ და რა მიმართულებით?
• რა არის რისკის ფასი ?

ამ კითხვებს რომ უპასუხებთ, დიდი ალბათობით თქვენც იმ გადაწყვეტილებას მიიღებთ რაც 160 000-ზე მეტმა თანამოქალაქემ უკვე მიიღო და თქვენც დაიწყებთ აღნიშული მომსახურებებით სარგებლობას. და თუ ეს კითხვად გაქვთ და არა გადაწყვეტილებად, მაშინ ერთსაც გკითხავთ: დღეს ვისგან იღებთ ფინანსურ რჩევებს ? თუ ზოგადი რჩევების მიღებას უორენ ბაფეტისგან, რობერტ კიოსანისგან ან ბენჯამინ გრეჰემის წიგნებიდან ახერხებთ მაშინ გილოცავთ, ვფიქრობ ეს საუკეთესო არჩევანია, თუმცა თუ ასე არ არის და საუკეთესო მრჩეველი უბრალოდ ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანია, მაშინ შეიძლება ცდებით, ცდებით მაშინ როცა რჩევას ითხოვთ მისგან და მაშინაც როდესაც მიღებული რჩევა უპირობოდ საუკეთესო გამოსავლად მიგაჩნიათ. ფინანსური ქცევების ჩამოსაყალიბებლად ან შესაცვლელად, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციების შესასრულებლად პირადი ბანკირის (ფინანსური მრჩევლის) ყოლა საუკეთესო გამოსავალია. რას მოცავს პრემიუმ საბანკო მომსახურება და გარდა პრემიუმ მომხმარებლებისა სხვასაც შეგვიძლია თუ არა პერსონოფიცირებული სერვისით სარგებლობა ?

ბანკების მიერ შემოთავაზებული მომსახურება

ქართულმა ბანკებმა შექმნეს საცალო პრემიუმ მიმართულების მომსახურება, ეტაპობრივად კი გაზარდეს მოცვის არეალი, გავიდნენ რეგიონებშიც რასაც ლოგიკურად მიყვა მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაც, შედეგად 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ორი წამყვანი ბანკის, პრემიუმ მომხმარებელთა ჯამური რაოდენობა 160 000 მომხმარებელს გასცდა. სტანდარტულ საცალო მიმართულებაში ბანკებმა დაიწყეს ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც „პრემიუმ მომხმარებელთა“ გარდა სხვათაც მისცემდა პერსონიფიცირებული მომსახურების მიღების შესაძლებლობას. ტრანსფორმაციის პროცესი თანამშრომელთათვის სამუშაო აღწერის ცვლილებასთან ერთად, პოზიციის დასახელების ცვლილებასაც მოიცავდა. შედეგად ველზე (ფრონტ-ოფისს ვგულისხმობ) მომუშავე ადამიანთა უმრავლესობა გახდა ბანკირი. პირადი ბანკირი, უნივერსალური ბანკირი და ა.შ.

ასევე ბანკებმა განმასხვავებელი ნიშნის (ქვე ბრენდის) არსებობის გამო ბანკირს წინ განსხვავებული თავსართები დაურთეს. აღნიშნულმა სიტყვებმა მომხმარებელთა ლექსიკაშიც დაიმკვიდრა თავი და სავარაუდოდ თქვენც ხშირად გაიგებდით გამოთქმას: სოლო ვარ ან სტატუსი ვარ და ა.შ. აღნიშნულით უკვე ვიგებთ თუ რომელი ბანკის მომხმარებელია ადამიანი, თუ ბანკების პროდუქტების შესახებ ინფორმაციასაც ვფლობთ, იმასაც მივხვდებით რა სარგებლის მიღება შეუძლია მას ზემოთ აღნიშნული სერვისით, რადგან ამ სახელთა უკან მხოლოდ ფინანსური მრჩევლის მომსახურება არ დგას, ბანკების პრემიუმ საცალო მომსახურებები ასევე მოიცავს:

• მაღალი კლასის ბარათებს
• ფულადი სახსრების განაღდების და ხარჯვის მაღალი ლიმიტებს
• საკომისიო შეღავათებს
• საბარათე ანგარიშზე ნაშთის არსებობის შემთხვევაში სარგებლის დარიცხვის ფუნქციას
• ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲐᲔᲠᲝᲞᲝᲠᲢᲔᲑᲘᲡ ᲚᲐᲣᲜᲯᲔᲑᲘᲗ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐს (LOUNGE KEY SERVICE) • სპეციალურად შემუშავებული სადაზღვევო პროდუქტებს
• მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ლოიალობის პროგრამებს
• არასაბანკო შეთავაზებებსა და დიდ ფასდაკლებებს სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე
• პირადი ასისტენტის მომსახურებას

და მაინც თუ ფიქრობთ რომ დაზოგვასაც და ბიუჯეტირებასაც თავად შეძლებთ და ამაში არავის დახმარება გჭირდებათ, ამაზე რას იტყვით ?

თუ გაქვთ დანაზოგი და დაზოგვის უნარიც თავად გამოიმუშავეთ, თუმცა არ იცით როგორ განახორციელოთ თანხის ინვესტირება - აქ დაგჭირდებათ ფინანსური მრჩეველი.

იმის გამო, რომ ჩვენ ინფლაციის სამყაროში ვცხოვრობთ, ფული, რომელსაც მიმდინარე ან დაბალპროცენტიანი სარგებლის მქონე ანგარიშით ინახავთ, ყოველწლიურად იკლებს ღირებულებას. ინვესტიცია არის თქვენი ფულის ზრდის ერთადერთი გზა და თუ არ გაქვთ განსაკუთრებული მაღალი შემოსავალი, ინვესტიცია არის ერთადერთი გზა, უზრუნველი მომავლისათვის.

თუ ინვესტიციების განხორციელება თავად დაიწყეთ, თუმცა შედეგი არასახარბიელოა და ფულს კარგავთ - აქ დაგჭირდებათ ფინანსური მრჩეველი

საუკეთესო ინვესტორებიც კი კარგავენ ფულს, როდესაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც არ აღმოჩნდება ისეთი, როგორსაც ისინი ელიან. მთლიანობაში, ინვესტიციამ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს თქვენი ქონება. თუ ინვესტიცია ამას არ აკეთებს, ფინანსური მრჩეველის დაქირავება დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რას აკეთებთ არასწორად და დროულად შეასწოროთ თქვენი კურსი.

ფინანსური კონსულტანტი, მრჩეველი თუ პირადი ბანკირი ნამდვილად საჭირო დამხმარეა ისედაც არაპროგნოზირებად გარემოში რისკების შესამცირებლად, რადგან ის გეხმარებათ თქვენი გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში. გამოცდილი ფინანსური მრჩევლის ყოლა კი საუკეთესო ფინანსური შედეგის მომტანია !

ფინანსური მრჩეველი
ლუკა მიმინოშვილი


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები