მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა

608a5ee2e5abb
შოთა ტყეშელაშვილი
29.04.21 11:30
786
2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის ზომა 4.2%-ით შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. ამ შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იანვარში იანვარსა და თებერვალში არსებული ეკონომიკური ვარდნა იყო.

თვეების მიხედვით ეკონომიკური ზრდა/კლება ასეთი იყო:

იანვარი - მინუს 11.5%;
თებერვალი - მინუს 5.1%;
მარტი - ზრდა 4%
ჯამური ვარდნა პირველ კვარტალში - 4.2%.

იანვარსა და თებერვალში არსებული ვარდნის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი "საბაზისო ეფექტი" იყო. კონკრეტული თვეების ეკონომიკური ზრდა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან მიმართებით იანგარიშება, 2020 წლის იანვარსა და თებერვალში კი საქართველოში COVID-19-ის კრიზისი ჯერ კიდევ არ იდგა. კრიზისული ვითარება და ლოქდაუნი ქვეყანაში 2020 წლის მარტში დაიწყო, სწორედ ამ კრიზისულ პერიოდთან შედარებით 2021 წლის მარტში 2020 წლის მარტთან მიმართებით 4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. 

"2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მარტის განმავლობაში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 7.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მარტთან შედარებით 21.5%-ით მეტია. შედარებისთვის, თვეების მიხედვით იანვარში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 8.1%-ით შემცირდა, თებერვალში კი 7.6%-ით გაიზარდა.

2021 წელს საქართველოს მთავრობა 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევას გეგმავს. თუმცა ვაქცინაციის დაბალი ტემპის გათვალისწინებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს ზრდის პროგნოზს შემცირების მიმართულებით გადახედეს. აპრილის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა, 28 აპრილს კი აზიის განვითარების ბანკმა პროგნოზი 4.5%-დან 3.5%-მდე შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები