პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ლიმიტებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები "პირველ რიგში კერძო უნივერსიტეტებს შეეხება". მან ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, BMG-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობა საჯარო და კერძო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების ლიმიტს განუსაზღვრავს - ამის შესახებ განათლების შესახებ კანონის პროექტში არის აღნიშნული, რომელიც შსს-მ მოამზადა და პარლამენტს დღეს წარუდგინა. 5 ივნისს, BMG-მ განათლების სამინისტროს მიმართა კითხვით შეეხებოდა თუ არა ეს ინიციატივა კერძო უნივერსიტეტებს, სადაც გვიპასუხეს, რომ ინიციატივა კერძო უნივერსიტეტებს არ შეეხებოდა, თუმცა კანონპროექტის ტექსტში ასევე განმარტებით ბარათში საუბარია, რომ ლიმიტები კერძო სასწავლებლებზეც გავრცელდება.
BMG-მ ცვლილებების დეტალებზე პრემიერს ჰკითხა. როგორც კობახიძე ამბობს, ეს კანონპროექტი არსებითად ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას: "ჩემი ინფორმაციით, რამე რომ არ შემეშალოს, დაინიცირდა ეს კანონპროექტი იმისათვის, რომ მოწესრიგებულიყო საკითხები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და შემდეგ არასწორად განზოგადდა. რეალურად, პროცესი იქნება ასეთი: ჩვენ ვიზღუდავთ [უცხოელი სტუდენტების] კვოტებს სახელმწიფო უნივერსიტეტების ნაწილში, ვიკეტებით 5%-ზე; რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, აქ ავტორიზაციის პროცედურების ფარგლებში გადანაწილდება კვოტები, მათ შორის უცხოელი სტუდენტების მიმართულებით",- ამბობს კობახიძე.
ის აცხადებს, რომ წელს, კერძო უნივერსიტეტებში უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით "მთლიანობაში გაიზრდება კვოტები", რაოდენობებს კი ავტორიზაციის პროცესი განსაზღვრავს.
"რაც შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს, არსებობს [უცხოელი სტუდენტების] 5%-იანი სტანდარტი და მივყვებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო დამატებითი შემოსავალი სახელმწიფოსთვის, ჩვენ გვაქვს პრინციპი, რომელიც ასახული იყო განათლების რეფორმის კონცეფციაში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ამოცანების შესრულება უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა და ბიზნესი უნდა აკეთოს ბიზნესმა, ანუ კერძო უნივერსიტეტებმა.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, აქ იცით პროცესი როგორ წარიმართება -. არსებობს ავტორიზაციის პროცედურები და ავტორიზაციის პროცედურების მიხედვით მიენიჭება კვოტები კონკრეტულ უნივერსიტეტებს. ეს იქნება სტანდარტული პროცესი, რომელიც აქამდეც ასე იყო დადგენილი და ასე იქნება უზრუნველყოფილი მომავალშიც. ანუ სახელმწიფო [უცხოელი სტუდენტების] კვოტებს ანიჭებს ავტორიზაციის პროცედურების საფუძველზე კერძო უნივერსიტეტებს. არსებითად არაფერი იცვლება.
ჩვენ შარშან, კონკრეტული მიზეზების გამო გვქონდა ერთგვარი მორატორიუმი გამოცხადებული კერძო უნივერსიტეტებისთვის უცხოელ სტუდენტებზე კვოტების გაზრდაზე. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, მათ შორის იმისათვის, რომ სისტემა დაზღვეული ყოფილიყო კორუფციის რისკებისაგან. გარკვეული პროცესები არ მოგვწონდა, ამის გამო გამოვაცხადეთ მორატორიუმი. შესაბამისად, დაგროვილიც არის ახლა რესურსი კერძო უნივერსიტეტებში, შესაბამისად წელს რეალურად გაიხსნება კვოტების გაფართოების პროცესი, მთლიანობაში გაიზრდება კვოტები. რამდენით, როგორ – ეს იქნება დამოკიდებული ავტორიზაციის პროცესზე.
ძალიან დიდი შემოსავალი შემოაქვს უცხოელ სტუდენტებს ეკონომიკაში. 1%-ზე მეტია წილი ჩვენს ეკონომიკაში უცხოელი სტუდენტების და შესაძლებელია, რომ ორ-სამ წლიან პერიოდში 2%-მდე კი ავიდეს ეს წილი. ანუ, ძალიან დიდი რესურსი აქვს სწრაფი მატების ამ სექტორს. შესაბამისად, ეს რესურსი არის ასათვისებელი და აქ, რა თქმა უნდა, არავითარი უხეში პრაქტიკა არ იქნება შემოღებული",- ამბობს კობახიძე.




























