სადაზღვევო სექტორი წლებია ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ამოქმედებას ელის. შესაბამისი კანონპროექტი სექტორმა პარლამენტში ჯერ კიდევ 2018 წელს დაარეგისტრირა, თუმცა მაშინ მისი განხილვა არ დაწყებულა. პროექტზე მუშაობა 2023 წელს განახლდა. მიუხედავად ამისა, კვლავ უცნობია, როდის ამოქმედდება კანონი.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ არ იცის კანონი როდის ამოქმედდება, თუმცა როგორც ის აღნიშნავს, პირველ ეტაპზე, კომპანიები წაგება-მოგებას თანაბრად გადაინაწილებენ და ამ მოდელზე, მისი თქმით, 18-ვე კომპანია თანახმაა.
"პირველი სამი წელი ყველა კომპანია მოგებასაც და ზარალსაც თანაბრად გაინაწილებს. ეს შეთანხმება იყო ერთ-ერთი პრინციპული. რადგან ბევრი რამე ცნობილი არ არის, პირველ ეტაპზე რთულია ზუსტად განსაზღვრო რაღაცები, ამიტომ ეს მოდელი მნიშვნელოვანია. ეს პრინციპი ამას ანეიტრალებს. 18 კომპანია თანახმაა ამაზე", - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.
მისი თქმით, დოკუმენტში უცხოური პრაქტიკები გათვალისწინებულია და ის უცხოელმა ექსპერტებმა მოიწონეს.
'"ისე ვაკეთებთ, მეზობელი ქვეყნების, მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, რომ ნაკლები პრობლემები შეიქმნას. მთავარი ის არის, როცა ამ სქემაში ადამიანი თავისი მანქანით შედის და იხდის გადასახადს, ის უკვე დაზღვეულია იმით, რომ, როცა ვიღაც შემთხვევით დაარტყამს, თავისი მანქანა გაკეთდება და თუ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემაა, ისიც დაფარული იქნება. საკმაოდ კარგი მოდელი და კანონი გამოვიდა. ცხადია პრაქტიკაში სისუსტეები იქნება, რაც შემდეგ გამოსწორდება. ვისაც ვანახეთ, რამდენიმე უცხოელ ექსპერტს, ყველა ამბობს, რომ საკმაოდ კარგი კანონია", - ამბობს დავით ონოფრიშვილი.