მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პლასტიკური ქირურგიის პოპულარობაზე სოციალურ ქსელებს პირდაპირი გავლენა აქვს - სულამანიძე

63f9ac638f4ab
სალომე ხიდურელი
25.02.23 17:05
1412
„კოვიდპანდემიის შემდეგ უფრო პოპულარული გახდა ოპერაციები სხეულზე, ვიდრე სახეზე“, - პლასტიკური ქირურგიისა და ესთეტიკური მედიცინის ახალ ტენდენციებზე BM.GE-სთან, კლინიკა „ტოტალ შარმის“ პლასტიკური ქირურგი კოტე სულამანიძე საუბრობს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პირველი პლასტიკური ოპერაცია ყველაზე ხშირად რინოპლასტიკაა, პანდემიის შემდეგ სხეულზე ოპერაციების რაოდენობა, სახესთან შედარებით - გაზრდილია. ვფიქრობ, ეს გლობალური ტენდენციაა, რადგან სოციალურ ქსელებში მოდელები, ინფლუენსერები და ტანსაცმლის ბრენდები მთავარ აქცენტს უკვე სწორედ სხეულსა და ბუნებრივობაზე აკეთებენ.

რაც შეეხება პანდემიის პერიოდს, ჯანდაცვის სამინისტრომ სელექტიური ოპერაციები 1,5-2 თვით შეაჩერა, 2020 წლის მაისიდან კი განვაახლეთ მუშაობა. ამ დროს საკმაოდ გაიზარდა სახეზე ოპერაციების რაოდენობა, რადგან უმრავლესობა დროის დიდ ნაწილს კამერის წინ ატარებდა და „ზუმის“ საშუალებით საკუთარ თავს აკვირდებოდა. ზოგადად, ნებისმიერი მსოფლიო კრიზისი პლასტიკური ქირურგიისათვის გააქტიურებას ნიშნავს, რადგან როდესაც გარშემო დეპრესიული ფონია და ადამიანი ბევრ პრობლემას აწყდება, სურვილი უჩნდება, თავის თავში რამე შეცვალოს. პანდემიამ კი სარეაბილიტაციო პერიოდი ხალხისთვის უფრო გაამარტივა.

2019 წელს „ტოტალ შარმში“ ჩემთან პროცედურაზე ჩაწერა 1 წლით ადრე ხდებოდა, დღეს კი მოლოდინის დრო 2 წელია და თავის რიგს 2000 პაციენტი ელოდება“, - ამბობს კოტე სულამანიძე.

პლასტიკური ქირურგი BM.GE-სთან სოციალური მედიის ესთეტიკური მედიცინის სფეროზე გავლენაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინტერნეტში წამოწყებული ტრენდები პაციენტებისათვის ერთგვარი შთაგონების წყაროა.

„არაერთი კვლევაა ამ მიმართულებით ჩატარებული და დასტურდება, რომ პლასტიკური ქირურგიის პოპულარობაზე სოციალურ ქსელების გააქტიურებას პირდაპირი გავლენა აქვს. ამჟამად, ეს სფერო მჭიდროდ არის დაკავშირებული მოდასთან, ტრენდულობასთან. სოციალურ მედიაში მოდელებისა და ინფლუენსერების მიერ წამოწყებული ტრენდები ადამიანს სურვილს უჩენს, მათნაირი ტუჩი ან სხეულის ფორმა ჰქონდეთ, რაც ზოგჯერ შეუძლებელიც კია“, - აღნიშნავს კოტე სულამანიძე.

აღსანიშნავია, რომ პლასტიკური ქირურგის თქმით, მის მიერ ჩატარებული ოპერაციების დაახლოებით 80% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, დანარჩენი 20%-ის დიდ ნაწილს კი უცხოეთიდან ჩამოსული ქართველები შეადგენენ.

მისივე თქმით, ეს საქართველოში პროცედურების დაბალი ღირებულებითა და კონკურენციის ნაკლებობით აიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები