PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 9%-ით შემცირდა. სექტემბერში სასტუმროების საშუალო ფასმა საოჯახო ტიპის სასტუმროებში 111 ლარი შეადგინა, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 163 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 254 ლარი.
2025 წლის სექტემბერში საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი იყო 440 ლარი. ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა კახეთში - 592 ლარი, თბილისში - 569 ლარი და გურიაში - 504 ლარი.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2025 წლის სექტემბერში 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 3%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა. მთლიანობაში, 2025 წლის სექტემბერში სასტუმროს ფასების ინდექსი 1.8%-ით შემცირდა 2024 წლის სექტემბერთან შედარებით. PMC კვლევითი ცენტრის ცნობით, ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა აჭარაში, თბილისსა და კახეთში.
ცნობისთვის, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2024 წლის სექტემბერში, 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით, 5.4%-ით შემცირდა. 2023 წლის სექტემბერში კი თვიურ ჭრილში შემცირება 6.6% იყო.
მეთოდოლოგია: შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3-, 4-, 5-ვარსკვლავიანი და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვებით. ანალიზში შედის booking.com-ზე რეგისტრირებული სტრატიფიცირებულად არჩეული 571 3-, 4-, 5-ვარსკვლავიანი და 368 საოჯახო ტიპის სასტუმრო. საშუალო ფასები გამოითვლება მიმდინარე თვეში ხელმისაწვდომი სასტუმროების საშუალებით.




























