ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში პოლარიზაცია მმართველმა პარტიამ უნდა დაასრულოს. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოსა და პოლიტიკოსებზე მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ბიზნესმენის თქმით, ბუნებრივია, რომ მმართველ ძალას კიდევ უნდა ხელისუფლებაში დარჩენა, მაგრამ რიგ თემებზე პასუხისმგებლობაც უნდა აიღონ.
- პოლარიზაციის მართვა უნდა შეძლოს ხელისუფლებამ და არა მე და შენ. ეს უმნიშვნელოვანესი თემაა; დეპოლარიზაციის მაგალითი სხვებს უნდა მისცეს ხელისუფლებამ. მაგალითად, კრიტიკულ ტელევზიებს რომ არ აძლევენ ინტერვიუებს, თქვან, რომ ივლიან...
- დიახ, BMG-შიც არ მოდიან აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები...
- გადადგან ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ; უფრო მეტი კონტაქტი ჰქონდეთ საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც კრიტიკულად უყურებს მათ საქმიანობას; დაუმტკიცონ მათ, რომ მართლები არიან... მმართველმა პარტიამ მარტო თავის ამომრჩევლებზე კი არ უნდა იმუშაოს, არამედ - სხვებზეც და უნდა უთხრას, რომ „მეგობრებო, თქვენ ჩემ მხარეს რომ არ ხართ, არ ხართ მართალი“... თუ შენ შეაგროვე ხმების ის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს შენს ხელისუფლებაში ყოფნას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოების მეორე ნაწილი შენი მტერია.
- რა თქმა უნდა...
- მეორე ნაწილს გააჩნია სხვა აზრი და ამ აზრის გაუთვალისწინებლობა იწვევს პოლარიზაციას. შეიძლება, ის აზრი უფრო საღია, ვიდრე შენი და შეიძლება, ქვეყანას ის აზრი უფრო გამოადგეს განვითარებისთვის.
- 2024 საარჩევნო წელია… როგორი უნდა იყოს საარჩევნო კამპანია? რაზე უნდა კონცენტრირდნენ პოლიტიკოსები?
- როგორც მოქალაქეს ძალიან მაინტერესებს, რა როლს ითამაშებენ ქვეყნის განვითარებაში ოპოზიციაში მყოფი ჭკვიანი ადამიანები... ხომ ამბობენ, რომ ჩვენც მაგრები ვართო..
- არიან მაგრები?
- რა თქმა უნდა, არიან...
- მაშინ რატომ ვერ ახერხებენ თავისი დღის წესრიგის შექმნას? სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ადასტურებს, რომ მოქალაქეების უმრავლესობა გადაუწყვეტელია და ხვალ რომ არჩევნები იყოს, არ იციან, ვის მისცემენ ხმას... მაგალითად, თქვენ იცით?
- რა თქმა უნდა, ვიცი...
- მე არ ვიცი...
- იცით, მე რამდენიმე პარტიას ვაკვირდები, ვარჩევ; ჯერ დრო მაქვს... რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს, მათ შეიძლება, დავარქვათ დაფიქრებული ამომრჩეველი; შეიძლება, ისინი უფრო მეტს ფიქრობენ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ჩემთვის უფრო საინტერესოა - ბევრს ფიქრობენ და უფრო სწორი ანალიზის საფუძველზე მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას. მე, როგორც მოქალაქე კოალიციური აზროვნების და მთავრობის მომხრე ვარ. რა არის კოალიცია?! - ოჯახიც კოალიაციაა. მეუღლეს, შვილს, შვილიშვილს ხშირად სხვადასხვა აზრი აქვთ, მაგრამ ისინი ერთმანეთს კი არ ურტყამენ, არამედ მსჯელობენ, კამათობენ და საბოლოო ჯამში, იმ გადაწყვეტილებამდე მიდიან, რომელიც ოჯახს ქმნის ბედნიერს. როდის არის უბედურება და კამათი? - როდესაც ოჯახში ერთი უფროსია და სიმართლის თქმის ყველას ეშინია; ეს საშინელება.