მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Politico-მ ივანიშვილი ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში “ამრევების” კატეგორიაში დაასახელა

ბიძინა ივანიშვილი

გამოცემა POLITICO-მ ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. სია სამ კატეგორიას მოიცავს, სადაც ლიდერები სამ ჯგუფად არიან დაყოფილი - ესენი არიან გამკეთებლები/შემქმნელები (Doers); ამრევები (Disrupters) და მეოცნებეები (Dreamers). სიაში წელს მოხვდა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, თუმცა არა როგორც "მეოცნებე", არამედ როგორც “ამრევი”.

"ამრევთა" შორის #1 ადგილს ელვირა ნაბიულინა იკავებს, რომელმაც რუსეთში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებით ინფლაციის მოთოკვა და რუბლის გაუფასურებისგან გადარჩენა შეძლო. ამ შედეგით კი ნაბიულინამ “არია” სანქციებით რუსეთის ეკონომიკის მკვეთრად დასუსტების გეგმები. “ნაბიულინას მიერ გატარებულმა პოლიტიკამ რუსეთზე დასავლეთის მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების ეფექტები შეარბილა და ამით უკრაინის საოკუპაციო კამპანიის გახანგრძლივებას შეუწყო ხელი?”.

"ამრევთა" სიაში მერვე ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი, რომელზეც Politico წერს, რომ მის მიზანს საქართველოს ევროკავშირისგან დაშორება და კრემლთან დაახლოება წარმოადგენს. ამასთან, Politico აღნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოში პროცესებს ჩრდილოვანი მმართველის როლიდან ხელმძღვანელობს.

Politico წერს, რომ საქართველომ რუსეთს არ დაუწესა ეკონომიკური სანქციები, მათ შორის ავიამიმოსვლის მიმართულებით, რასაც რუსეთის მიერ ფრენების გახსნა მოჰყვა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესიც კი აღძრა, რისი მიზეზიც სალომე ზურაბიშვილის ევროპელ ლიდერებთან ხშირი შეხვედრები იყო.

Politico აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის განსაზღვრული აქვს მკაფიო სამოქმედო გეგმა, რაც EU-ს მიერ დადგენილ რეკომენდაციებში აისახება, ხოლო ამ პროცესში ხელისუფლების პროგრესი დამოკიდებულია იმაზე, მისცემს თუ არა ივანიშვილი ხელისუფლებას ამის შესაძლებლობას.

სიაში "გამკეთებლების" კატეგორიაში პირველ ადგილზე დონალდ ტუსკი დასახელდა, რომლის საპარლამენტო კოალიციამაც პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. "მეოცნებეთა" სიაში კი პირველ ადგილზე ვოლოდომირ ზელენსკია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები