მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტების წერილი" - გახარია სენატორებს პასუხობს

5ec3db7190cb7
შოთა ტყეშელაშვილი
19.05.20 17:18
1816
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარასკევს, აშშ-ის სენატისა და კონგრესის წევრების, თედ კრუზის, ჯონ კორნინის, ასევე მარკვეინ მალინისა და ჯოდი არინგტონის მიერ მიერ სახელმწიფო მდივნისა და ხაზინის მდივნის სახელზე გაგზავნილი წერილის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, წერილის უკან დგას ენერგოკომპანია Frontera, ხოლო თავად ეს დოკუმენტი “პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტების” წერილს წარმოადგენს.

გიორგი გახარიას თქმით, ამ წერილში ირანის შესახებ არსებული ჩანაწერი სიყალბეს წარმოადგენს და მის შესახებ სახელმწიფო არავითარი გამოძიების დაწყებას არ გეგმავს. ამასთან, გახარია აცხადებს, რომ 2013 წლის შემდგომ, საქართველომ ირანისთვის დაწესებული საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების ფარგლებში მნიშვნელოვანი ზომები გაატარა. მათ შორის დახურა მრავალი საბანკო ანგარიში.

გიორგი გახარია სენატორების წერილის შესახებ:

"რა ირანულ ნავთობზე არის საუბარი მე წარმოდგენა არ მაქვს. ვერანაირი გამოძიება ამ თემაზე ვერ დაიწყება. ერთადერთი ამ წერილიდან არის ფაქტი, რომ კონკრეტული კომპანია, რომელიც კონკრეტული საარბიტრაჟო პროცესის შედეგად, დამარცხდა, საბოლოოდ ის დგას ამ ყველაფრის უკან.

ახლა რაც შეეხება სხვას ყველაფერს. ვერანაირი თუნდაც საერთაშორისო, ან ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებთანაც არბიტრაჟში ჩვენ დავა უკვე მოვიგეთ, ვერცერთ შემთხვევაში ქვეყნებს შორის ურთიერთობებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ.

ვერც ამ შიდა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა - ოპოზიციამ ამის გამოყენება რანაირიადაც არ უნდა სცადოს. გეტყვით რატომ - საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში უკიდურესად გააღრმავა ევროატლანტიკური მიმართულებით კოოპერირება. ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან დღეს არის ისეთ დონეზე, რომელიც არ ყოფილა არასდროს. დღეს ჩვენ ვართ წარმოდგენილები ავღანეთში იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენი ზომის დასავლეთ ევროპული ქვეყანა. და შესაბამისად ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა სისტემურად აი ამ ფუნდამენტზე ყალიბდება და არა ამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტების წერილებზე.

საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც 2013 წლის შემდგომ ირანისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შემდეგ გადადგა ქვეყნის ეკონომიკისთვის უკიდურესად მძიმე ნაბიჯები სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესების გათვალისწინებით.

მე რომ კითხვას მისვამთ, უნდა დაინტერესდეთ და დათვალოთ, რამდენი ანგარიშები იყო გაუქმებული, რა ნაბიჯები გადადგა იუსტიციის სამინისტრომ, ეროვნულმა ბანკმა, და აი ამ ჭორებს თავი უნდა დაანებოთ,”- განაცხადა გახარიამ.

15 მაისს გამოქვეყნებულ წერილში სენატორები აღნიშნავენ, რომ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო ირანული ნავთობით არალეგალურ ვაჭრობაშია ჩართული.

“იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ლეგალური ბიზნესების შევიწროვება ხდება, არალეგალურმა აქტივობებმა მოიმატა. საქართველო და ქართული საფინანსო სისტემა არსებული მასალების მიხედვით, ჯერ კიდევ 2013 წლიდან წარმოადგენდნენ ირანელებისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების თავიდან არიდების ერთ-ერთ საშუალებას. 2013 წელს ჩვენმა ოფიციალურმა პირებმა შეიტყვეს, რომ მცირე ზომის საბანკო ინსტიტუტი ირანული მხარის კონტროლის ქვეშ იყო მოქცეული და ის დიდი მოცულობის ფულად ტრანზაქციებს ასრულებდა. საქართველოს დასავლური ორიენტაცია და შავ ზღვაზე არსებული პორტები საქართველოს ირანელთა უკანონო ეკონომიკური აქტივობების იდეალურ სამიზნედ აქცევს. მართლაც, უკანასკნელი მასალები მიუთითებენ, რომ ბათუმის პორტი კვლავ იქცა იქცა ირანული ნავთობის ბიზნესის არალეგალური აქტივობების სამიზნედ,”- ნათქვამია წერილში.

სენატორთა წერილში ენერგოკომპანია Frontera-ს შესახებაც არის საუბარი. ამერიკელი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ $500 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, მისი აქტივები შესაძლოა სახელმწიფოს მხრიდან ექსპროპრეაციის რისკის ქვეშ დადგეს.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და Frontera-ს შორის 2017 წლიდან მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და სახელმწიფო კორპორაციის მოთხოვნების უმეტესობა გაითვალისწინა. თავად საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საჯაროდ არ არის გამოქვეყნებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები