DRG-ის დაფინანსების მოდელში შესულ ცვლილებებზე, გარდა პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებებისა, ბევრი არ მსმენია - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძე BM.GE-ის კითხვას, იგეგმება თუ არა DRG-ის დაფინანსების მოდელში დამატებითი ცვლილებები, პასუხობს, რომ ეს დროის და სექტორთან კონსულტაციების საკითხია.
"მე, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებების გარდა, მაინცდამაინც ბევრი არ მსმენია იმაზე, რომ ბოლო ცვლილებებს კრიტიკის მიზეზი გააჩნია.
რაც შეეხება დანარჩენს, ეს სიახლეები 16 სექტემბრიდან არის ჩაშვებული. ჩვენ, იმთავითვე შევთანხმდით, რომ გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ, აუცილებლად განვაგრძობთ სხვა მიმართულებით მუშაობას. ამასთან დაკავშირებითაც რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა და გავაანალიზეთ ამ დრომდე დანაგროვი პრაქტიკა იმისთვის, რომ ჩვენ, ეს პილოტირების რეჟიმში არსებული მონაცემების საფუძველზე მივიღოთ შემდგომი გადაწყვეტილებები. სხვა გადაწყვეტილებებიც რა თქმა უნდა, მუშაობის პროცესში მიიღება - სწორი, სექტორთან შეთანხმებული გადაწყვეტილებები", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ კლინიკების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებისთვის ემზადება. მიზეზი DRG დაფინანსების სქემასთან დაკავშირებული ხარვეზებია.
შეგახსენებთ, DRG-ის დაფინანსების მოდელზე სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკები 2023 წლის 1 იანვრიდან გადავიდნენ. ამ სქემის ფარგლებში დადგენილი ტარიფები დღემდე სამედიცინო სექტორისთვის გამოწვევაა. ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო, რაც ერთ-ერთი კრიტიკული იყო კლინიკებისთვის, თუმცა არანაკლებ პრობლემებთან არის დაკავშირებული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაც.