მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის - კობახიძე

პრემიერი

ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები და ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა.

„ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები. ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა. უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტიური გაძევება. ეს არ იყო მართებული ნაბიჯები, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ჩვენს სწრაფვას იქითკენ, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს. ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველომ სხვადასხვა ფორმატში მხარი დაუჭირა 600-ზე მეტ გადაწყვეტილებას, სხვადასხვა ტიპის აქტს, რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ფართოა ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა უკრაინის მიმართ.

„აქ იგულისხმება, მათ შორის, ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც გაიგზავნა საქართველოდან უკრაინაში, ასევე იგულისხმება ის, რომ საქართველო დღემდე მასპინძლობს დაახლოებით 26 000 ლტოლვილს უკრაინიდან და უზრუნველყოფილია მათთვის უფასო მომსახურება სხვადასხვა თვალსაზრისით. განსაკუთრებულად ვზრუნავთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ბავშვებზე. მათთვის არის უზრუნველყოფილი უფასო განათლება საქართველოში, მათ შორის, უკრაინულ ენაზე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ვალი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი ვალია მაქსიმალური თანადგომა გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ და დღევანდელ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები