არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელ ირაკლი აბესაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ წარმოჩენილი „კორუფციასთან ბრძოლა“ მხოლოდ ფასადურია და რეალურად, პოლიტიკურ კლანებს შორის დაპირისპირებას ან სისტემურ დანაშაულს ფარავს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოში კორუფცია არა მხოლოდ - კრიმინალური, არამედ უპირველესად პოლიტიკური პრობლემაა. მისი თქმით, სისტემა ისეა მოწყობილი, რომ კორუფციულ პროცესებში ჩართულობის გარეშე სახელმწიფო სამსახურში მუშაობაც კი, შეუძლებელი ხდება.
"კორუფცია საქართველოში არის პოლიტიკური პრობლემა. სამართალდამცავი სისტემით კორუფცია შეიძლება აღმოფხვრა იქ, სადაც ის მართლა ერთეული შემთხვევაა, მაგრამ იქ, სადაც ეს პოლიტიკურად ნებადართულია და უფრო მეტიც - ვერ იმუშავებ სახელმწიფო სამსახურში, თუ კორუფციაში ჩართული არ ხარ, ეს უკვე რეჟიმის პრობლემაა. ამ რეჟიმის მოშორების გარეშე, კორუფციასთან გამკლავება არის უბრალოდ ოქსიმორონი, შეუძლებელი“, - ამბობს ის.
ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ არ შეიძლება, ყოფილი მაღალჩინოსნების (ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და სხვები) მხილება კორუფციასთან სისტემურ ბრძოლად ჩაითვალოს, ირაკლი აბესაძემ უპასუხა, რომ ეს მხოლოდ „კობახიძის კლანისგან“ განსხვავებული ჯგუფების დასჯაა.
"მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის ხდება ბრალდების წაყენება, ვინც ირაკლი კობახიძის კლანი არ არის და ვინც დღეს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები არ არიან. ამ ადამიანების კორუფციაში მხილებაც არ ხდება სრული მასშტაბით. იდეალური ილუსტრირებაა ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევა - ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ მხოლოდ 7 მილიონი დოლარი იშოვა, რომელიც სახლში ედო. ამავდროულად, დღემდე არ გვაქვს პასუხი, გამოიყენა თუ არა მან სახელმწიფო ბორტი ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ და თავისი არგუმენტის გასამყარებლად, კახა კალაძის მაგალითიც მოიყვანა.
„სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელის თქმით, თბილისის მერიაში უფასო სასადილოების ბიუჯეტიდან 3.5 მილიონი ლარის მოპარვა ხელისუფლების ამორალურობის პიკია.
სუს-მა ₾3.5 მლნ-ის მითვისებისთვის უფასო სასადილოების პროგრამის კონტრაქტორების დირექტორები დააკავა
„ყველაზე ამორალური შემთხვევა იყო მერიაში, როდესაც სოციალურად დაუცველ მოხუცებსა და ბავშვებს პირიდან ლუკმას აცლიდნენ და ორი წლის განმავლობაში 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს. კახა კალაძე კი, რომელსაც ივანიშვილის კარზე ძლიერი პოზიციები აქვს, პასუხისმგებლობას არ იღებს. არათუ მისი, არამედ გამგებლის მოადგილის დონეზეც კი არ დამდგარა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი... ანუ ან იმ დონეზე უვიცია, რომ ვერ გააკონტროლა და ცხვირწინ მოჰპარეს სამ-ნახევარი მილიონი, ან შეკრულია და აქედან შემოსავალს იღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მინიმუმ თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი ხომ უნდა იყოს?! ეს შემთხვევა და ეს არ იყო პირველი კორუფციული მხილება მის სისტემაში, არის იმის იდეალური და სამწუხარო მაგალითი, რომ ახლა არანაირი ბრძოლა კორუფციასთან არ მიმდინარეობს“, - თქვა ირაკლი აბესაძემ და იქვე დასძინა, რომ მსგავსი ფაქტები არის პირდაპირი სიგნალი ბიუროკრატიისთვის: „თუ ხარ „კობახიძის ან კალაძის ფრთის ქვეშ“, შენ გაქვს პოლიტიკური ფარი და ხელშეუხებელი ხარ“.
"პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე“ - კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე
კორუფციაზე საუბრისას ირაკლი აბესაძემ გაიხსენა ის ფაქტიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ 2023 წლიდან უთხრა უარი ეუთოს ანტიკორუფციულ ქსელს ყოველწლიურ მონიტორინგზე და დამკვირვებლები ქვეყანაში აღარ შემოუშვა. მისი თქმით, კორუფციის წყარო თავად ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული რეჟიმია.
„წყარო ამ კორუფციისა არის ის, ვინც ჩამოაყალიბა ეს რეჟიმი - ბიძინა ივანიშვილი. ამ დაჭერებით მათ მხოლოდ საკუთარი თავი ამხილეს და საზოგადოებას უთხრეს, რომ დიახ, „ოცნებაში“ კორუფცია გვაქვს. ფულს ჰპარავდნენ ყველას: ჯარს, პოლიციას, ბავშვებს ბაღებში და საუკუნოვან პროექტებს, როგორიცაა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალი. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რა მასშტაბის გახრწნილი პოლიტიკური სისტემა მივიღეთ“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა და იქვე დასძინა, რომ „ქვეყნის განადგურებას უნდა დავუსვათ წერტილი“.




























