მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პოლიტიკური ნიშნით დაფინანსების საფრთხე იზრდება" - რა კითხვებს აჩენს "ეკონომიკის განვითარების ბანკის" ინიციატივა?

ირაკლი მაკალათია

„ქართული ოცნების“ ინიციატივაზე ეკონომიკის განვითარების ბანკის შექმნასთან დაკავშირებით სპეციალისტებს არაერთი კითხვა აქვთ.

როგორც BMG-სთან ეკონომისტმა ირაკლი მაკალათიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია გაირკვეს, მიღმა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბიუჯეტისა, რა იქნება ახალი უწყების დაფინანსების წყარო. ამასთან, კონკრეტულად ეკონომიკის რა სეგმენტებს დააფინანსებს ახალი ინსტიტუტი და იქნება თუ არა ახალი უწყება არსებული კომერციული ბანკების კონკურენტი.

მისივე თქმით, გაერთიანებული უწყების პირობებში შესაძლოა, სხვადასხვა რისკები, მათ შორის კორუფციული საფრთხეები გაიზარდოს.

„პირველ რიგში, რომ შევაფასოთ, სრული ინფორმაცია უნდა გვქონდეს, თუ რას გულისხმობენ და რა მიმართულებით იმუშავებს ეს განვითარების ბანკი. განვითარების ბანკი თავისი კლასიკური გაგებით, როგორიცაა მაგალითად მსოფლიო ბანკი, აფინანსებს გარკვეულ პროექტებს და ეს შეიძლება იყოს არაკომერციული მიმართულებით დაფინანსება. ჩვენ უკვე გვაქვს მთელი რიგი პროგრამები, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. მაშინ რატომ გაჩნდა საჭიროება ახალი ბანკის შექმნის, რომელიც ამ ფუნქციებს შეითავსებს?

თუ ამ ფუნქციებს შეითავსებს, მას კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსი დასჭირდება და კითხვის ნიშნები ჩნდება ბიუჯეტთან დაკავშირებით. მეორე საკითხია, რამდენად ეფექტურია „აწარმოე საქართველოს“ პროექტები. ბოლო მონაცემებით, ერთი სამუშაო ადგილის შექმნაზე დაახლოებით 77 000 ლარი დაიხარჯა. აქ ჩნდება კითხვა - რამდენად ეფექტურია ეს?

ასევე არის რისკები, რომ ორგანიზაცია, რომელიც არაკომერციული და არამომგებიანია, მუდმივად იქნება სახელმწიფო სუბსიდირებაზე და მას არ ემუქრება გაკოტრება. შესაბამისად, ნაკლები მოტივაცია ექნება, რომ ეკონომიკურად მომგებიან პროექტებში განახორციელოს ინვესტიცია. აქ ჩნდება ნეპოტიზმის და პოლიტიკური ნიშნით დაფინანსების საფრთხეები. ამას ჩვენ, გადასახადის გადამხდელები გადავიხდით. სახელმწიფო კომპანიების უმრავლესობა დღეს წაგებაზე მუშაობს და არც ეს ბანკი იქნება გამონაკლისი“, - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ საქართველოს განვითარების ფონდი და "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო ბანკის სახით გააერთიანოს. ირაკლი კობახიძის თქმით, ეკონომიკის განვითარების ბანკი კლასიკური ბანკი არ იქნება, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები